ამით სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12 აგვისტოს, დასრულდა ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი.
ბაჩიაშვილის საქმე
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, „კრიპტოვალუტების საქმეზე“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 მარტს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. პროკურატურის ვერსიით, ამისათვის იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
10 მარტს ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:
- „საზღვრის უკანონო კვეთაზე“ - მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს.
- „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდში" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
გამამტყუნებელი განაჩენიდან ორ თვეში, 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს საქართველოს საპატიმროშია. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის დატოვება შეძლო, სუსის ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავებმა 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.