„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
დღეს, 28 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას:
- „ნაციონალური მოძრაობა“;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მოითხოვენ პარტიების, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.

 2 days ago
                        5
                        2 days ago
                        5
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·