ლავროვის მხარდაჭერა, დუგინის კრიტიკა, ვუჩიჩის მადლობა - რა ხდება მოსკოვსა და ბელგრადს შორის, როცა სერბები ახალ არჩევნებს ითხოვენ

1 week ago 3

30 ივნისს ვუჩიჩმა მადლობა გადაუხადა „რუს მეგობრებს“, ასე უწოდა მან ხელისუფლებას მოსკოვში, მათი „გულისხმიერების“ გამო. მადლობა პასუხი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, სერბეთში „კონსტიტუციასა და კანონზე დამყარებული“ სიმშვიდე სუფევდეს.

მაგრამ იმავე დღეს ალექსანდრ დუგინმა, პუტინის ახლობელმა რუსმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკურმა სტრატეგისტმა, რომელიც, მრავალთა აზრით, კრემლის მთავარი იდეოლოგია, თქვა, რომ სერბ ხალხს ვუჩიჩი აღარ სურს ხელისუფლებაში.

„სერბებს სურთ ვუჩიჩი წავიდეს და ეს სწორია. ყველა სერბს ეს სურს“, - უთხრა დუგინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია „სპუტნიკს“.

ასეთი ორაზროვანი გზავნილები მოსკოვიდან მას შემდეგ მოდის, რაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ სერბეთი უკრაინას შემოვლითი გზებით იარაღს აწვდის.

ისევ ერთად არიან?

ვაშინგტონში არსებული ფონდის, „დემოკრატიის დასაცავად“, წარმომადგენელს, ივანა სტრადნერს, არ სჯერა, რომ ვუჩიჩით წარმოდგენილ სერბეთის ხელისუფლებასა და ევროკავშირისგან იზოლირებულ რუსეთს შორის რამე განხეთქილებაა.

ის მიიჩნევს, რომ კრემლი ვუჩიჩს უჭერს მხარს, რადგან „შეუძლია აკონტროლოს“.

„მოსკოვს სერბეთში დემოკრატი და არაპროგნოზირებადი მთავრობა არ სჭირდება, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას, – რუსეთს ავტოკრატიის მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის სერბეთში იმავე ტაქტიკით მუშაობს, როგორც - საქართველოში“.

სერგეი ლავროვმა, როდესაც სერბეთში კონსტიტუციური სიმშვიდის მხარდაჭერაზე ლაპარაკობდა, „ფერადი რევოლუციაც“ ახსენა. მან დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ „ყოველთვის სარგებლობენ“ ქვეყნების შიდა მოვლენებით, რომ „ამ ქვეყნების სხვა პარტნიორების საზიანოდ თავიანთი ინტერესები გაატარონ“.

„ვიმედოვნებთ (...), ამჯერად თავიანთ ფერად რევოლუციებს აღარ დაიწყებენ“, - თქვა მან.

ლავროვმა ის ტერმინი ახსენა, რომელიც ავტორიტარული ხელისუფლებების დამხობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც გადატრიალება ქვეყანაში სხვა ქვეყნის წაქეზებით ხდება. სერბეთში უკვე მერვე თვეა აქციებია და ვუჩიჩიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სწორედ ეს ხდება.

ქება კრიზისის დროს

მოსკოვმა და ბელგრადმა ერთმანეთი მაშინ აქეს, როცა მთელ სერბეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ეგიდით ბლოკადები მოეწყო. ეს იყო რეაქცია დაპატიმრებებზე, რომლებიც 28 ივნისს სერბეთის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მოჰყვა, ასევე ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების ერთდროულად გამართულ მიტინგებზეც.

პოლიციის პასუხი მომიტინგეების დაპატიმრება და ბარიკადების დაშლა იყო. თავად დემონსტრანტები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ (რომლის ჩატარებაც ხელისუფლებას არ უნდა), ამას ძალის გადამეტებად და რეპრესიებად აფასებენ.

„ხელისუფლების რეპრესიები 10 წლის წინანდელ მოსკოვს მახსენებს, როდესაც იქ პროტესტს გამოთქვამდნენ. ეს ავტორიტარული მმართველობების „სამაგიდო წიგნია“, - ამბობს ივანა სტრადნერი.

პოლიციელების საქციელის გასამართლებლად ვუჩიჩმა, ისევე როგორც ლავროვმა, კონსტიტუცია და კანონი მოიშველია. მან პოლიციელების ქმედება შეაფასა, როგორც „აბსოლუტურად პროფესიონალური“.

„არ გამიკვირდება, თუ რუსეთი თავის დაზვერვას გააქტიურებს და სერბეთის მთავრობას მეტად დაეხმარება“, - უთხრა სტრადნერმა რადიო თავისუფლებას.

ვუჩიჩის „მადლიერების გზავნილებს“, ლავროვისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართულს, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი ანდრეი შარი მლიქვნელობისა და მობოდიშების ფორმად აღიქვამს. ამბობს, რომ ვუჩიჩი ასე მას შემდეგ იქცევა, რაც რუსულმა დაზვერვამ დაწერა, რომ სერბეთი უკრაინას იარაღით ამარაგებს და კრემლის მკაცრი კრიტიკის ადრესატი გახდა. ოფიციალურმა ბელგრადმა უარყო, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ იარაღს აწვდიდა. თუმცა მოგვიანებით ვუჩიჩმა განაცხადა, არ შემიძლია გავაკონტროლო, სად აღმოჩნდება იარაღიო, 23 ივნისს კი სერბეთმა იარაღის ექსპორტი საერთოდ აკრძალა.

ვისი სახელით ლაპარაკობს დუგინი?

ლავროვთან და „რუს მეგობრებთან“ ერთად, ვუჩიჩმა წერილი გაუგზავნა „იშვიათად კორექტულ რუს ანალიტიკოსებს“, თუმცა ერთი მათგანი წინა დღეებში მისთვის კრიტიკას არ იშურებდა. დუგინმა, რომელსაც ზოგი მედია „კრემლის წამყვან იდეოლოგს“ უწოდებს, „სპუტნიკს" უთხრა, რომ „ვუჩიჩის ლეგიტიმაცია გაქრა“ და რომ „ყველა სერბს ვუჩიჩის წასვლა უნდა“.

„დღეს მის უკან მხოლოდ სახელმწიფოა, ხალხის მხარდაჭერა ნულს უდრის, - თქვა დუგინმა - მხოლოდ ისინი არ მონაწილეობენ აქციებში, რომლებსაც აღარ უნდათ მორიგი ფერადი რევოლუცია. მაგრამ ვუჩიჩის ამბავი დამთავრებულია, მისი ლეგიტიმაცია გაქრა“.

ივანა სტრადნერი მიიჩნევს, რომ დუგინის კომენტარებს „დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“.

„არც ისეთი გავლენა არ აქვს მას პუტინზე, როგორიც ყველას ჰგონია“, -ამბობს ის.

ანდრეი შარი ფიქრობს, რომ დუგინის განცხადება ვუჩიჩისა და ლავროვის დიალოგზე, საინტერესოა.

„კრემლი ყოველთვის ამ ხერხს მიმართავს, როდესაც უნდა, რომ ვიღაცამ არაოფიციალურად გაახმოვანოს ის, რასაც კრემლი ფიქრობს. ლავროვი ამას ოფიციალურად არ იტყვის“, - ამბობს შარი.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ დუგინმა აზრი კრემლის მიერ მართული მედიით გამოთქვა.

„დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევითი არ არის, დუგინმა მოსკოვისგან მიიღო ამაზე თანხმობა. კრემლმა იცის, ვუჩიჩზე გავლენის მოსახდენად როგორ ითამაშოს“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი. ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვუჩიჩმა გზავნილი ვერ გაიგო, რუსეთი შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს.

„დღეს დუგინი ამბობს ამას, ხვალ შეიძლება რომელიმე ანალიტიკოსმა თქვას, ისეთმა, ვინც გავლენიანია, მაგრამ ოფიციალურად ხელისუფლებას არ წარმოადგენს, ზეგ კი ეს შესაძლოა მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკა გახდეს, - ამბობს შარი, – ვუჩიჩისთვის, რომელიც ევროპასა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს, ეს შესაძლოა ძნელი და უხერხული იყოს“.

ივანა სტრადნერი მიიჩნევს, რომ „ბალანსის პოლიტიკა ის არ არის, რისი ატანაც რუსეთს სურს, განსხვავებით ბრიუსელისგან“. ეს სერბეთს იმასაც ახსენებს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული.

ჯერჯერობით სერბეთი ცდილობს გადაავადოს აშშ-ის სანქციები სერბეთის ნავთობის წარმოებაზე, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთს ეკუთვნის. თან მოსკოვთან ახალ ხელშეკრულებებზე ლაპარაკობს, გაზის მოსაწოდებლად.

„უკრაინისათვის იარაღის მიწოდება პუტინს შესაძლოა აღიზიანებდეს, მაგრამ თუ რუსული გაზი ბაზრიდან გაქრება, ეს რუსეთის გავლენის შესუსტებას ნიშნავს. ამიტომაც ნიშანი მისცეს“, - ამბობს ივანა სტრადნერი.

ტელეგრამი ქუჩების ბლოკირებაზე

ანდრეი შარი ჰყვება, რომ სოციალური ქსელი ტელეგრამი კრემლის ნარატივის გავრცელების კიდევ ერთი საშუალებაა. სერბეთში ასობით პრორუსული ტელეგრამ-არხია, რომელთაგან ზოგს ათიათასობით ხელმომწერი ჰყავს. ბოლო დროს ზოგიერთ მათგანზე, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა „Istok info“, ბელგრადისა და სხვა ქალაქების ქუჩების ბლოკირებაზე წერენ.

ბლოკპოსტების ფოტოებს დიდი ტექსტი არ ახლავს, ძირითადად მხოლოდ ადგილმდებარეობაა მითითებული. გამომწერებს შეუძლიათ თავიანთი აზრიც დააფიქსირონ, ემხრობიან თუ არა პროტესტს. ამავე დროს სხვა ტელეგრამ-არხები ვუჩიჩს უჭერენ მხარს.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მებრძოლი ზოგი პრორუსი დაქირავებული ტელეგრამზე კრიტიკულად არის განწყობილი. მათ შორისაა სნაიპერი დეიან ბერიჩი, რომელიც სერბეთში სხვა ქვეყანაში ბრძოლის გამო გაასამართლეს.

თავის არხზე ბერიჩმა ღიად გააკრიტიკა ვუჩიჩი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის გამო, ასევე იმ განცხადებების გამოც, რომლებშიც კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზეა საუბარი.

„რუსეთის მთავრობა და პუტინი ტელეგრამს პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებენ. სხვა სოციალური ქსელები სანქციების გამო დაკარგეს“, - ამბობს ანდრეი შარი და დასძენს, რომ ტელეგრამ-არხებისა და მათი ბლოგერების მეშვეობით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არაოფიციალურია და ამასთან, კრემლიც აკონტროლებს: „ოფიციალურად ლავროვი ვუჩიჩის მიმართ კეთილგანწყობილია, რაც ნიშნავს - „ჯერ ძალიან არ გავბრაზებულვართ“, აი, არაოფიციალური არხები კი გზავნილია ბელგრადისთვის, ფრთხილად იყავიო“.

გამარჯვება „ფერად რევოლუციაზე“

ბოლო თვეების განმავლობაში ალექსანდრ ვუჩიჩი იმეორებს, რომ ფერად რევოლუციაზე გაიმარჯვა. ის არ აპირებს დაუთმოს პროტესტს, რომელიც უკვე მთელ სერბეთს მოედო. გამოსვლები გამოიწვია ნოვი-სადში მომხდარმა ტრაგედიამ, როდესაც რკინიგზის სახურავის ჩამოქცევას 16 ადამიანი შეეწირა. სახურავი ახალი აღდგენილი იყო, ამიტომ მომიტინგეებმა მომხდარი კორუფციას დააბრალეს.

30 ივნისს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სერბეთში მოდის არჩევნებით, რომელსაც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები აწყობენ და არა „ხულიგნების დაჯგუფება“.

„ჩვენ შევინარჩუნებთ ქვეყანაში წესრიგს. მადლობა, რომ ყურადღება გამოიჩინეთ ჩვენი რუსი მეგობრებისადმი, მადლობა გაგებისა და სერბეთში მიმდინარე მოვლენების ფხიზლად შეფასებისთვის, - თქვა მან, - მაგრამ მინდა ვუთხრა დანარჩენებს: რაც არ უნდა დააორგანიზონ, რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯონ, მორჩა ყველაფერი! მინდა ვაცნობო, რომ სერბეთმა გაიმარჯვა. მე ველი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას“.

სრულად წაკითხვა