ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გათავისუფლდა

1 week ago 9
Lazare Grigoriadis; Photo: screengrab from formulatv live

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ოფიციალურად ხელმოწერის შემდეგ, 23 წლის ლაზარე გრიგორიადისი 24 აპრილს ციხიდან გათავისუფლდა.

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს შეეფარდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების პირობა დადო. საქმის დიდი მოცულობის მოტივით, მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, რომ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად მას 14 სამუშაო დღე, კანონით დაშვებული მაქსიმალური ვადა, დასჭირდებოდა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისმა განაცხადა, რომ დღეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდება.

23 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა