გერმანიის უწყებები იძიებენ უსაფრთხოების სფეროში ორ "ძალიან სერიოზულ ინციდენტს" ლაიფციგის აეროპორტში - რომელიც დროებით დაიკეტა, რეისები სხვაგან გაიგზავნა, გაიზარდა ეჭვები ინციდენტებში რუსეთის მონაწილეობაზე - ბოლო წლებში მომხდარი მსგავსი ინციდენტების გამო.
ლაიფციგის პოლიციამ 4 აგვისტოს, გვიან გამოაცხადა, რომ "დაუდგენელი მფრინავი ობიექტი" იქნა შენიშნული აეროპორტის სიახლოვეს, რის გამოც რამდენიმე თვითმფრინავი - მათ შორის ერთი სამგზავრო - სხვა აეროპორტებში გაიგზავნა.
პარალელურად, "საეჭვო ობიექტით" დატვირთული დრონი აღმოაჩინეს ორი მთავარი ასაფრენი ბილიკიდან ერთ-ერთის სიახლოვეს. პოლიციის ცნობით, ეს ობიექტი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და დეტონატორი პოლიციამ გაიტანა.
5 აგვისტოს, დილით აღდგა აეროპორტის ჩრდილოეთის საფრენი ბილიკის მუშაობა, თუმცა სამხრეთის ბილიკი - სადაც მიწაზე ობიექტი აღმოაჩინეს - დახურული რჩებოდა პოლიციის გამოძიების მიმდინარეობისას.
სააგენტო Reuters-ი 5 აგვისტოს წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ DHL-ის ტვირთის მატარებელი თვითმფრინავი ლაიფციგის აეროპორტიდან აფრენიდან მალე ჰაერში გამოედო დაუდგენელ ობიექტს, რის გამოც ის სასწრაფო წესით ჰანოვერში დაეშვა.
გერმანიის რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის Bild-ი წერს, რომ დრონი აღმოაჩინეს უკრაინის An-124 სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს.
ნატოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამხედრო ალიანსი ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს ცნობას დრონის უკრაინის თვითმფრინავთან ახლოს აღმოჩენაზე. მისი თქმით, ნატოს აქვს ინფორმაცია ლაიფციგის პოლიციის განცხადების თაობაზე, თუმცა ინციდენტის დეტალები გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადასტურონ.
ლაიფციგის აეროპორტი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია DHL-ისთვის, რომელიც გერმანიის მფლობელობაში მყოფი, საერთაშორისო გადაზიდვების გიგანტური კომპანიაა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·