უცნაური პერსონაჟები, მომაჯადოებელი სცენა და დარბაზში შემოჭრილი მაგიური ტალღა სცენიდან. ევრიპიდის ლასკარიდისის უნიკალურ ხელწერას საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ დამსახურებით ქართველი მაყურებელიც ეზიარა. მარჯანიშვილის სცენაზე ლასკარიდისის ახალი სპექტაკლი „ლაპის ლაზული“ გათამაშდა.
რეჟისორის დიდი შრომითა და მსახიობების უმაღლესი ოსტატობით შესრულებული წარმოდგენა… სპექტაკლი, რომელიც დასრულების შემდეგ შინაარსზე უფრო მეტად გაფიქრებს და აჩრდილივით დაგყვება – მისი შთამბეჭდავი ვიზუალით, ქაოსური სიუჟეტით, უცნაური გმირებით, ცეკვით, ფოტოგრაფიული კადრებით, ელექტრონული ხმის ეფექტებით…
ევრიპიდეს ლასკარიდისის ეს ნამუშევარი მოიცავს ემოციურად ძლიერ ელემენტებს, რომელთა საშუალებითაც მაყურებელი მოგზაურობს ბავშვური თვალით დანახულ სამყაროში. ბავშვობის სასაცილო თამაშებიდან საშიშ ისტორიებში რომ გხლართავს და ამასთანავე საოცარი ვიზუალითაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს.
სპექტაკლადქცეული ადამიანის ყოფის ტრაგიკომედია – ადამიანური ფანტაზიებით, ბავშვური ილუზიებით, შინაგანი შიშებით, რომლებიც გმირობისა და სიძლიერის ნიღბის ქვეშ იმალება. ერთდროულად კომიკურად და ტრაგიკულად გადმოცემულ ფანტასტიკურ სცენებსა და სიღრმისეულ მეტაფორებს რომ აერთიანებს და ადამიანის ბუნებაზე კიდევ ერთხელ გაფიქრებს.
ფოტოების ავტორი: გია გოგატიშვილი