WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველო-რუსეთის საზღვარზე საავტომობილო გზა გაიხსნა, მუშაობა განაახლა „დარიალის“ გამშვებმა პუნქტმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია და გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.

სააგენტოს ცნობით, 25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა განგაშის სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა.

სპეციალისტების მიერ ხეობის დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობების ჩამოშლისა და კლდეზვავური პროცესების კვალი არ გამოვლენილა.

უწყების ინფორმაციით, ღვარცოფულმა ნაკადმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია. დევდორაკის ხეობაში წყლის დონემ დაახლოებით 4 მეტრს მიაღწია, თუმცა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდინარის კალაპოტმა ნაკადის უსაფრთხოდ გატარება უზრუნველყო.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134–135-ე კილომეტრზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიის გამო საავტომობილო გზა დაზიანდა.

უწყების ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში განგაშის სისტემა მუშაობას ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს და მსგავსი პროცესის განმეორების შემთხვევაში სიგნალი კვლავ ავტომატურად ამოქმედდება.

დარიალის ხეობაში საფრთხის გამო ევაკუაცია პერიოდულად ხორციელდება. დევდორაკში ღვარცოფული პროცესები 2024 და 2025 წლებშიც დაფიქსირდა. ყველაზე მასშტაბური სტიქია კი 2014 წლის 17 მაისს მოხდა, როდესაც მყინვარულმა ღვარცოფმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა.