ლატვიის პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის გასვლას ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული კონვენციიდან

9 hours ago 2

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) დენონსაციას.

რინკევიჩსმა 3 ნოემბერს პარლამენტს მიმართა ოფიციალური წერილით და გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა. ლატვიის პრეზიდენტის შეფასებით, ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ სტამბოლის კონვენციის ჯერ რატიფიკაცია, შემდეგ კი დენონსაცია საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების თვალსაზრისით ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალს უგზავნის როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

პრეზიდენტ რინკევიჩსის განცხადებით, სახელმწიფოს მსგავსი გაურკვეველი მოქმედება ევროპული სამართლებრივი სივრცისთვის შეუსაბამოა, სტამბოლის კონვენციის დენონსაციის გადაწყვეტილებამ კი შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობის საერთო ევროპულ არქიტექტურას და ლატვია აქციოს ევროკავშირის პირველ ქვეყნად, რომელიც უარს ამბობს ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო შეთანხმებაზე.

ლატვიის პარლამენტმა კანონპროექტი 30 ოქტომბერს მიიღო. პრეზიდენტს ათი დღის ვადა ჰქონდა კანონპროექტის ხელმოწერისთვის ან პარლამენტში დასაბრუნებლად. ლატვიის კონსტიტუციით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაიზიარებს, მას ზეგავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვს.

ლატვიამ სტამბოლის კონვენციას ხელი 2016 წელს მოაწერა, რატიფიკაცია კი 2024 წელს განახორციელა ხანგრძლივი დებატების შემდეგ. მოწინააღმდეგეები მაშინაც აცხადებდნენ, რომ დოკუმენტის შინაარსი არ პასუხობს წარმოდგენას „ტრადიციულ ოჯახზე“ და ქვეყნის ტრადიციებისთვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიცაა „გენდერი" და „გენდერული იდენტობა".

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან ერთ წელიწადში დოკუმენტის დენონსაციის ინიციატორები გახდნენ საპარლამენტო კოალიცია „მწვანეების და ფერმერების კავშირი“ და კეთილდღეობის მინისტრი რეინის უზულნიეკსი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას, ძალადობასთან ბრძოლა კი ქვეყნის შიდა კანონებითაც შესაძლებელია.

2025 წლის 30 ოქტომბერს მრავალსაათიანი დებატების შემდეგ ლატვიის პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, კანონპროექტი მიიღეს 56 ხმით 32-ის წინააღმდეგ. სტამბოლის კონვენციის დენონსაციას მხარი დაუჭირა პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, გარდა პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიას „ახალი ერთობის” და პარტია „პროგრესულების”.

გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, 29 ოქტომბერს რიგაში გაიმართა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სტამბოლის კონვენციის დენონსაციის წინააღმდეგ. დემონსტრანტებმა პარლამენტის დეპუტატები დაადანაშაულეს პოპულიზმში, მოძალადეების დაცვასა და „რუსეთის კოპირებაში“. რუსეთი სტამბოლის კონვენციას არ შეერთებია.

  • 2011 წლის აპრილში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ.
  • 2011 წლის მაისში სტამბოლში, მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიაზე კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა.
  • დოკუმენტი რატიფიცირებულია 46 ხელმომწერი ქვეყნიდან 39-ის მიერ.
  • 2012 წლის მარტში თურქეთი გახდა ევროპის საბჭოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც კონვენცია დატოვა.
სრულად წაკითხვა