ლევან დავითაშვილი SOCAR-ის საკუთრებაში არსებული Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

1 week ago 19

საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იტალიური ნავთობკომპანიის, Italiana Petroli-ს (IP) აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ეს კომპანია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) შეიძინა. დანიშვნის შესახებ ინფორმაცია SOCAR-მა IP-ის სააქციო კაპიტალის 99.82%-ის შეძენის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

13 მაისის პრესრელიზში IP-მ განაცხადა, რომ დავითაშვილი კომპანიის საქმიანობას იტალიაში უხელმძღვანელებს, რა დროსაც „ყურადღებას გაამახვილებს ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ეროვნულ ენერგობაზარზე მისი პოზიციის შენარჩუნებასა და შემდგომ გაძლიერებაზე, ასევე კომპანიის SOCAR ჯგუფში ინტეგრაციის ზედამხედველობაზე“.

კომპანიის თქმით, დავითაშვილი „კარგად ფლობს იტალიურ ენას“ და „25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საჯარო და კერძო სექტორის მაღალ თანამდებობებზე“. მან ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ის „ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას და მხარს უჭერდა ძირითადი ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელებას“.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ დავითაშვილი ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს „ჩართულობას მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივაში, რომელიც სამხრეთ კავკასიას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აკავშირებს“ და რომ „2025 წლის ნოემბრიდან იგი SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებს“.

ლევან დავითაშვილი 2022 წლიდან 2025 წლის ივნისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც იგი მოქმედმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა. ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად დაინიშნა.

იგი ასევე ხელმძღვანელობდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის, „ბლექ სი პეტროლიუმის“, სამეთვალყურეო საბჭოს. ბოლო პერიოდში ყულევის ტერმინალი ყურადღების ცენტრში მოექცა რუსული ნავთობის ექსპორტის ხელშეწყობაში მისი სავარაუდო როლის გამო და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტში მისი ჩართვაც განიხილებოდა. საბოლოოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ პორტი სანქციების პაკეტში არ შეეტანა და ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული „დადებითი ვალდებულებები“ დაასახელა.

2026 წლის თებერვალში დავითაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სუს-მა მაშინ განაცხადა, რომ მისი გამოკითხვის მიზეზი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე გამოძიება გახდა. დავითაშვილმა განაცხადა, რომ „განხილვა“ მოიცავდა საქართველოს მიერ ევროპაში გაზის მიწოდების ხელშეწყობის შესაძლო რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განმარტა, რომ დავითაშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა და არა შეხვედრაზე. „გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი“, – განაცხადა სუს-მა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა