WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 25-27 სექტემბერს თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) იაზდურსუნ გურბანნაზაროვას მოწვევით, აშხაბადს ესტუმრა და ომბუდსმენის აპარატის, პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გურბანნაზაროვასთან შეხვედრაზე „მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თურქმენეთის სახალხო დამცველმა „დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება“, ნათქვამია განცხადებაში.

მხარეები 2027 წელს, „თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ“.

ვიზიტის ფარგლებში იოსელიანი ასევე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის 30-წლიან გამოცდილებაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის სტრუქტურაზე.

„საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის, პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ფართო მანდატის მქონე ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას“.

თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლევან იოსელიანმა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე საბიაშვილთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ესტუმრა საქართველოს საელჩოს თურქმენეთში, ნათქვამია აპარატის განცხადებაში.

This post is also available in: English