WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გუდაუთის მკვიდრი ედგარ აბუხბა რუსი ტურისტის, ამინა ბიკბოვას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ 27 სექტემბერს. აბუხბა წარსულში უკვე იყო ნასამართლევი სხვა რუსი ტურისტის გაუპატიურების გამო და მისმა გათავისუფლებამ 2024 წელს მოსკოვის შეშფოთება გამოიწვია.

„სამინისტროს“ ინფორმაციით, 25 წლის ბრალდებულმა აღიარა, რომ ქალი ნაქირავებ ბინაში მარტო ყოფნისას კამათის შემდეგ დაახრჩო.

ბიკბოვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისმა ახლობლებმა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს და განაცხადეს, რომ მას სამი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ აბუხბამ დანაშაულის კვალის დაფარვა და ბიკბოვას ცხედრის წყალში ჩაძირვა სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და ცხედარი ბუჩქებში დამალა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ვინაობა ემთხვევა იმ პირის ვინაობას, რომელიც 2019 წელს სხვა რუს ტურისტზე თავდასხმისა და გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი.

აფხაზური მედიის ცნობით, 2019 წელს, აბუხბამ, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, მსხვერპლი „სამთავრობო შენობების დამწვარ კომპლექსში“ მიიყვანა, სადაც მას მუშტებითა და ქვებით თავში ურტყამდა, „განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა და სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებები ჩაიდინა“. 2021 წელს აბუხბას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბუხბა 2024 წელს, 4.5-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ „უკიდურესად გაკვირვებული“ იყო აფხაზეთის დე ფაქტო „უზენაესი სასამართლოს“ მიერ მისთვის სასჯელის შემცირების ფაქტით. უწყების მტკიცებით, ეს „გახმაურებული საქმე რეგიონში დანაშაულებისა და სასჯელების მიმართ შემწყნარებლურ მიდგომაზე“ მიუთითებს.

„ცხადია, რომ ეს ქმნის უსაფრთხოების რისკებს იმ მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ აფხაზეთის კურორტებს, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაფრთხილოთ ამის შესახებ ჩვენი თანამემამულეები“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2024 წლის 16 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English