ლევან რატიანი: „ჩემს ცოლს ასეთი ცხოვრება ძვირად უჯდება, მაგრამ ძალიან ძლიერი ქალია” მსხვერპლი, რომელიც ექიმმა თავის პროფესიას შესწირა - „უფროსი ბიჭი ჩემზე ამბობდა, ის კაცი მოვიდაო"

1 month ago 25

 „ჩემს ცოლს ასეთი ცხოვრება ძვირად უჯდება, მაგრამ ძალიან ძლიერი ქალია"„სარკე“, ავთო ჩიტიძე

ქვეყნის მთავარი რეანიმატოლოგი, ლევან რატიანი, მთლიანად თავისი პრფესიით არის მოცული. ექიმობამ მის ცხოვრებაში დიდი მსხვერპლის გაღება მოითხოვა. კოვიდპანდემიის დროს მთელმა საზოგადოებამ გაიცნო. ყოველთვე მისგან ველოდით საიმედო ან არასაიმედო ინფორმაციას. ექიმი პანდემიის წლებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. მას 8 თვის განმავლობაში ოჯახის წევრები ფიზიკურად საერთოდ არ უნახავს.

პანდემია დასრულდა, მაგრამ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ოჯახში მაინც თითქმის არ არის. თვითონვე ამბობს, რომ ოჯახსა და პირად ცხოვრებაში ბევრ რამეზე უარი თქვა. მისი სამი ბიჭი სულ მამის მოლოდინშია. ოჯახის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა ცოლსს, პროფესიით პედიატრ გვანცა ჯანიგაშვილს, აქვს საკუთარ თავზე აღებული.

ლევან რატიანი ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება, მაგრამ “სარკისთვის” გამონაკლისი დაუშვა და თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და რელობაზე დაუფარავად ილაპარაკა.

– ლევან, როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენს ცხოვრებას ექიმობას დაუკავშირებდით?

– ჯერ კიდევ პირველ კლასში ვიყავი, როდესაც ბებიაჩემი მაკითხებდა ქირურგიის წიგნს. ჩვენს ოჯახში ექიმობა ტრადიცია იყო, ამიტომ ბებიას განსაკუთრებულად უნდოდა ექიმი, კერძოდ კი, პედიატრი, გამოვსულიყავი. ექიმი დავდექი, მაგრამ პედიატრი – ვერა. არადა პედიატრობა რომ ამერჩია, გაცილებით მარტივად ჩავაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. საბუთები შევიტანე კიდეც ამ კუთხით, მაგრამ მაინც გამოვიტანე და სამკურნალოზე შევიტანე.

ვიცოდი, რომ, როგორც ექიმი, ბავშვთან ურთიერთობას ვერ შევძლებდი. დღესაც კი, თუ გამოუვალი სიტუაცია არ არის, ბავშვთან სამკურნალოდ ვერ მივდივარ. მირჩევნია, ბავშვებთან ურთიერთობა მარტო თამაშით შემოიფარგლებოდეს და არა სამედცინო კუთხით. როდესაც გავიგებ, ბავშვს სიცხე აქვს, ჩემი იქნება თუ სხვისი, აქეთ ვარ მოსასულიერებელი. მიუხედავად იმისა, რომ პედიატრები არიან ჩემი მეუღლეც და დაც, ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვიმუშავებდი ბავშვებთან. განსაკუთრებით რთული იქნება ჩემთვის მათთვის მანიპულაციების ჩატარება.

– პირველკლასელ ბავშვს აინტერესებდა წიგნების კითხვა ქირურგიაზე?

– კი, ეს ჩემთვის ძალდატანება არასოდეს ყოფილა. როგორც აღვნიშნე, ჩვენს ოჯახში ექიმობა ტრადიცია იყო, ექიმების მეშვიდე თაობას წარმოვადგენ, ჩვენს დინასტიაში მხოლოდ დედაჩემი და მამაჩემი არ იყვნენ ექიმები. ბაბუაჩემის მამას მარსელში ჰქონდა დამთავრებული მედიცინის ფაკულტეტი, პედიატრი იყო. მალარიის პანდემიის დროს გაანაწილეს ფოთში და მას შემდეგ დარჩა ამ ქალაქში, ამიტომ დღეს ფოთი ითვლება ჩემს მშობლიურ ქალაქად.

ექიმობის გარდა, ცხოვრებაში არაფერი მინდოდა, სხვა ალტერნატივა არასოდეს მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებულად გამოვდიოდი ქართულისა და ისტორიის ოლიმპიადებზე, თან მასწავლებლები თვლიდნენ, რომ ამ კუხთით წავიდოდი, მე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიწვალე სამედიცინოზე ჩაბარებაზე.

– რატომ, რა იყო ამის მიზეზი?

– მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ქიმიის და ბიოლოგიის მე-11 კლასის პროგრამა ზეპირად ვიცოდი და ნებისმიერი სირთულის ამოცანის ამოხსნა შემეძლო. არ არსებობდა ქიმიასა და ბიოლოგიაში საკითხი, რომელიც არ ვიცოდი. მიუხედავად ასეთი ცოდნისა, ძალიან გამიჭირდა სამედიცინო უნივერსიტეტში უფასოზე ჩაბარება.

გამოცდაზე ყველა საგანში ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენე, ყველა პასუხი მქონდა, დარწმუნებული ვიყავი ათიანს მივიღებდი, მაგრამ მიმღებ კომისიაში დამხვდა ქალბატონი, რომელმაც ჩემს ნაშრომს ხაზი გადაუსვა და გამომაგდო გარეთ. ეს ქალი შემდეგ ჩემი პაციენტი გახდა. როცა გამოჯანმრთელდა, შევახსენე თავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. უფასო სამედიცინო ფაკულტეტზე ყველა ადგილი ჩაწყობილი ჰქონდათ, ამიტომ დანარჩენებისთვის ნაშრომებიც არ უნდა შეემოწმებინათ, ისე უნდა დაეწერათ დაბალი ქულები.

მეორე წელს ისევ შევიტანე საბუთები და ისტორია განმეორდა. ისევ ამ ქალთან მოვხვდი და ისევ გამსვლელი ქულა არ დამიწერა. იძულებული გავხდი, ფასიანზე ჩამებარებინა. მაშინ ერთლწიანი სწავლის საფასური 850 დოლარი იყო. ჩვენს ოჯახს კი ძალიან უჭირდა და ეს ჩვენთვის დიდი თანხა გახლდათ. დედაჩემმა ყველაფერი გაყიდა, რაც სამკაული ჰქონდა, პროცენტიანი ვალიც აიღო, რომ პირველი კურსის სწავლის ფული დამეფარა. უბრალოდ ვიცოდი, სამედიცინოზე რომ არ მესწავლა, ფსიქიატრიულში მოვხვდებოდი.

ხუთიანებზე დავამთავრე პირველი კურსი და მოვემზადე ახალი ბრძოლისთვის. იმის გამო, რომ ვიცოდით, მეორე კურსის ფულს ვერ გადავიხდიდით, გამოვიტანე საბუთები, ფაქტობრივად უარი ვთქვი სტუდენტობაზე და თავიდან შევიტანე უფასო ფაკულტეტზე. ძალიან კარგი პროფესორი, თემურ პეტრიაშვილი, შემხვდა პირველ კურსზე, რომელმაც დაინახა, ჩემში რამხელა მონდომება და სურვილი იყო სწავლის და მითხრა, რამდენიმე ადგილი არის უფასო სექტორში, რომელიც ჯერ გაყიდული არ არისო. ოჯახსაც არ ვუთხარი, რომ თავიდან ვაპირებდი ჩაბარებას. ომარ გაბრიჩიძე იყო ქიმიის კათედრის გამგე, რომელიც ხუთიანს არასოდეს წერდა და მან დამიწერა ხუთიანი. ამიტომ ვამბობდი, როგორ შეიძლება, ვერ ჩავაბარო, როდესაც მის საგანში ხუთიანი მაქვს-მეთქი.

გამოცდებზე მოვხვდი ისევ იმ ქალთან, რომელმაც 2 წელი შანსი არ მომცა და პირდაპირ ვუთხარი, მე თქვენი გასწორებული არ მინდა-მეთქი. მოვითხოვე ბატონი ომარი, რომელმაც ერთი თვით ადრე სახელმწიფო გამოცდებზე გამწურა და ისე დამიწერა ხუთიანი. მოვიდა ბატონი ომარი, გადახედა ჩემს ნამუშევარს და დამიწერა უმაღლესი ქულა. ეს იყო გარდამტეხი და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ნანატრი უფასო სექტორის სტუდენტი გავხდებოდი.

ისევ დავჯექი პირველ კურსზე, არც ერთი გაცდენა და ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი. სტუდენტობისას ოთხიანი არ მიმიღია. არავის ვუსურვებ იმდენ წვალებას, რაც მე ამ პროფესიაში დამკვიდრებისათვის გავიარე, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

– ანუ საკმაოდ ჯიუტი და პრინციპული ხასიათი გაქვთ.

– კი და ეს სიჯიუტე ბევრ რამეში გამომადგა. ჩემს პროფესიაში თუ არ ხარ მიზანდასახული, ვერ გახდები კარგი ექიმი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რეანიმაციის კუთხით განვვითარებულიყავი. კურსზე როცა რეანიმაციაში მოვხვდი, მივხვდი, რომ ეს ჩემი სფეროა იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იბრძვი ადამიანის სიცოცხლისთვის. ძალიან მინდოდა, გავმხდარიყავი რეანიმატოლოგი, რომელსაც ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. მე არასოდეს დამიზოგავს ენერგია, ძალა, მონდომება, რომ პაციენტი გადარჩენილიყო, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ბუნების კანონებს ვერ შეეწინააღმდეგები. დღემდე ვერ შევეჩვიე პაციენტის სიკვდილს.

– პირველი პაციენიტი როცა მოგიკვდათ, ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ.

– კი, ნამდვილად. მისი სახელიც მახსოვს და გვარიც. როცა სიკვდილთან ბრძოლა წავაგე, საორდინატოროში შევედი და ცხარე ცრემლით ვიტირე. ამ დროს ექთანი შემოვიდა და მითხრა, ასე თუ ყოველ შემთხვევაზე იტირებ, ჯობია, დღესვე დაწერო განცხადება და უარი თქვა ექიმობაზეო. ამის შემდეგ ცრემლები სხვისთვის აღარასოდეს მიჩვენებია.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრჯერ ვყოფილვარ სტრესში, ემოციებში, მაგრამ ეს არასოდეს არავისთვის დამინახვებია. ბევრჯერ შემშინებია, ბევრჯერ ძალიან მიწვალია, მაგრამ ამას არასოდეს ვაჩვენებ. პანდემიამ კი უდიდესი გამოცდილება მომიტანა და მართლა არ უნდა აჩვენო პაციენტს, რომ შენ რაღაცის გეშინია დაავადებასთან მიმართებაში.

– პანდემიის დროს მთელი ქვეყანა თქვენს რეანიმაციაზე იყო დამოკიდებული. როგორ გახსენდებათ ეს ურთულესი პერიოდი დღეს?

– პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რომ სწორად ავირჩიე ჩემი პროფესია. როდესაც გადაწყდა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა გამხდარიყო კოვიდის ყველაზე კრიტიკული პაციენტების სამართავად, მინისტრის ოთახში ამ გადაწყვეტილების ძალიან შემეშინდა, მაგრამ ოთახიდან რომ გამოვედი, მივხვდი, აუცილებლად ეს ბრძოლა მოგებით უნდა დამთავრებულიყო.

კოვიდით ჩემი ოჯახის წევრი გარდაიცვალა, მაგრამ ერთი წუთით არ დამიშვია, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლაში დავმარცხდებოდით. ჩვენმა კლინიკამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. იმ დროს, როდესაც არავინ ვიცოდით ამ დაავადებასთან ბრძოლის მეთოდები მთელ მსოფლიოში, ჩვენს კლინიკაში ლეტალობის ინდექსი ყველაზე დაბალი იყო. როდესაც პირველი პაცენტი გარდაიცვალა ჩვენს კლინიკაში, მეგონა, სამყაროს დასასრული მოვიდა.

პირველი ეტაპი მართლა ძალიან რთული იყო, როდესაც არ იცოდი, როგორ გემართა პაციენტები და როგორ გებრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. ეს იყო კოშმარი! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პაციენტი მეტყოდა, ვერ ვსუნთქავო და ვერაფერს ვუშველიდი.

– ხშირად გითქვამთ, რომ მთელი პანდემია კლინიკაში ცხოვრობდით, რეალურად ასე იყო?

– კი, კლინიკაში ვცხოვრობდი ერთი თვის განმავლობაში. როდესაც პანდემია გამოცხადდა და კლინიკაში შევკრიბე ექიმები, გავაცანი, რომ 24 საათში უნდა გადავკეთებულიყავით სულ სხვა ფორმატის კლინიკად. ბევრმა ექიმმა, სამწუხაროდ, ამ პროფესიას უღალატა და სამსახურიდან წავიდა. კლინიკაში დარჩნენ ისინი, ვინც ბოლომდე იბრძოდნენ ამ დაავადებასთან.

კლინიკიდან ბევრი ექიმი, სანიტარი, ექთანი წავიდა იმის გამო, რომ არ უნდოდათ, მუდმივი რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ. ამ დროს ერთი ქალბატონი, რომელიც სანიტრად მუშაობდა, დერეფანში შემხვდა და მითხრა, მე არსად წავალ, ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთადო. მას ჩავეხუტე და მაშინ გამიჩნდა პირველი იმედი, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით. ამ ქალის ერთი სიტყვა ჩემთვის საყრდენი იყო, რომელმაც ბევრი რამ შემაძლებინა.

პანდემიამ ოჯახს მონატრებული გამხადა. როგორც კი პანდემია დაიწყო, მეუღლე და შვილები ჩემს სიდედრთან წავიდნენ. დღემდე მახსოვს, როგორ დავემშვიდობე მათ, რადგან ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვეღარ მენახა. თავიდან ვიდეოზარებით ვეკონტაქტებოდი, მაგრამ შემდეგ ეგეც შევწყვიტე, ეს უფრო ცუდად მოქმედებდა ჩემზე. არ შემეძლო ბავშვების დანახვა ტელეფონით.

8 თვის განმავლობაში ოჯახი საერთოდ არ მინახავს. პანდემიამ და ასეთი რეჟიმით ცხოვრებამ ჯანმრთელობაზეც დამარტყა. 24-საათიან რეჟიმში რენიმაციაში ფეხზე დგომამ სახსრების პრობლემები შემიქმნა. ოპერაციაც დამჭირდა, მაგრამ ყველაფერი ღირდა იმად, რამდენი სიცოცხლეც გადავარჩინეთ. დღეს მხვდებიან ადამიანები ქუჩაში და მეუბნებიან, თქვენ სიცოცხლე გვაჩუქეთო.

მე პირველი ვიყავი არა მარტო ქვეყანაში, სამყაროშიც კი, რომელიც კოვიდით დაავადებულ პაციენტებთან პირბადის გარეშე შევედი. ძალიან ძნელი იყო პაციენტთან ურთიერთობა იმ ეკიპირებით, რომელიც ამ პანდემიის დროს ექიმებისთვის იყო განკუთვნილი. პაციენტთან ურთიერთობას ვერ ვახერხებდით, არადა ამ დროს მნიშვნელოვანი იყო, ფსიქოლოგიურადაც გაგეძლიერებინა ავადმყოფი. გავიხადე ეს ეკიპირება, მოვიხსენი პირბადე და ასე დავიწყე მკურნალობა. ისე გავიდა პანდემია, რომ ოფიციალურად კოვიდი არ დამმართნია. ყოველ მესამე დღეს ვიკეთებდი ტესტებს, მაგრამ მერე მაგაზეც უარი ვთქვი.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მეც მქონდა გარკვეული ნიშნები, მაგრამ არც კი მაინტერესებდა, არ მიფიქრია, რომ ეს ვირუსი მომერეოდა. სიცხეც არ შემიმჩნევია, როცა მქონია. საერთოდ იგნორირება გავუკეთე ამ ვირუსს და ალბათ ამიტომაც ვერ მომერია.

– პანდემიის შემდეგ მთავარი დასკვნა რა გააკეთეთ?

– პირველ რიგში, ის, რომ მე მყავს გუნდი კლინიკაში, რომელსაც ნებისმიერ ბრძოლაში მოგება შეუძლია. პირველად ქვეყანაში ჩვენს კლინიკაში გავხსენით კოვიდიან ორსულთა განყოფილება და პირველი მშობიარობაც კოვიდის პირობებში ჩვენ მივიღეთ. ერთი რამ მასწავლა პანდემიამ, რომ თუ იბძოლებ, ყველაფერს მიაღწევ.

– დღეს რა გამოწვევები გაქვთ ცხოვრებაში?

– ეს არის პირველი სახელმწიფო კლინიკა, სადაც მედიცინისა და მეცნიერების სიმბიოზია. აქ არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურა, რომლებსაც ძალიან დიდი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. მეორე ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ასეთი გუნდით კიდევ უფრო გავაძლიერებთ კლინიკას და მეტ გამოწვევას დავძლევთ.

კლინიკაში ვინც მუშაობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი პრიორიტეტია პაციენტი. პაციენტი უნდა იყოს მოვლილი, დიაგნოსტირებული, ნამკურნალევი და კმაყოფილი. არასოდეს არავის ვპატიობ, პაციენტთან ურთიერთობაში რაიმე შეცდომას თუ უშვებენ.

– თქვენი კიდევ ერთი მიმართულებაა ტელეექიმობა, როგორ მოგწონთ გადაცემა “ნამდვილ ექიმებში” მუშაობა?

– ერთი უცნაური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მანამდე ვერ ვიტანდი კამერას და ეკრანზე გამოჩენას, პაციენტის იქით არაფერი მაინტერესებდა. როდესაც “რუსთავი 2”-დან დამირეკეს და შემომთავაზეს წამყვანობა, ძალიან გამიკვირდა. მაშინდელმა დირექტორმა მითხრა, თქვენ კარგი სპეციფიკური მეტყველება გაქვთ და ეკრანზე კარგი იქნებითო. მე კი ვთვლი, რომ სულაც არ მქონდა კარგი მეტყველება. სხვათა შორის, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ერთგვარი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის. როცა ტელეკომპანიაში მივედი, თიკა ფაცაცია დამახვედრეს. მასთან ურთიერთობით ისეთი აურა შემექმნა, რომ მივხვდი, ჩემი ტელეექიმობა გამოვიდოდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ თიკამ შემაძლებინა ტელეექიმობა.

პანდემია დასრულდა. ახლა მაინც თუ ატარებთ ოჯახში საკმაო დროს?

– თუ ხარ ნამდვილი ექიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახში მაინც არ ხარ. ჩემმა მეუღლემ თავის პროფესიას, პედიატრობას, თავი დაანება და მთლიანად ბავშვების აღზრდაზე გახდა ორიენტირებული. პირველი ორი შვილი ისე გაიზარდა, სახლში თითქმის არ ვყოფილვარ. გვიან რომ ვბრუნდებოდი, ჩემი უფროსი ბიჭი იტყოდა, ის კაცი მოვიდაო. შუათანა უფრო მოწებებული იყო ჩემზე, უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, სულ შემოსასვლელში, კართან იდგა და მელოდებოდა, როდის დავბრუნდებოდი. ხშირად ასე ჩასძინებია კიდეც.

მესამე ბიჭი 4 წლისაა. მეგონა, მასთან მაინც ვიქნებოდი ისეთი მამა, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი, ის მაინც დამიძახებდა მამას, მაგრამ, სამწუხაროდ, დაიწყო პანდემია და ვერ შევძელი.

– ესმით შვილებს თქვენი საქმიანობის სირთულე, არ გამოხატავენ პროტესტს, რომ სახლში არ ხართ?

– უფროსი ბიჭი 14 წლის არის და მას უკვე კარგად ესმის, თუ რატომ არ ვარ სახლში. იმედია, როცა გაიზრდებიან, მიხვდებიან, რომ ჩემი პროფესია ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა. ძალიან ვცდილობ, ნებისმიერი თავისუფალი წუთი მათთან გავატარო.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილები ექიმობას აირჩევენ?

– მე არ ვურჩევ არასდროს. ექიმობა მშობელმა არ უნდა ურჩიოს შვილს. თუ ხარ ექიმი, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი თავი შენ არ გეკუთვნის. ვერ წარმომიდგენია, სიტყვა “ექიმის” უკან გახსოვდეს შენი თავი. ექიმობა ნიშნავს, რომ ბევრი უარი უნდა თქვა პირად ცხოვრებაში.

თქვენი ცოლი არასოდეს აპროტესტებს ამას?

საბედნიეროდ, ამაში ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი ყოველთვის უსიტყვოდ ესმის. რა თქმა უნდა, თვითონ ძალიან განიცდიდა, რომ არასოდეს ვიყავი მის გვერდით, მაგრამ ამას არასოდეს გამოხატავდა. როდესაც მეორე შვილზე იყო ორსულად, დამირეკა და მითხრა, მოვლითი ტკივილები მაქვს, მგონი, მშობიარობა მეწყებაო. მე კი ვუთხარი, გვანცა, ცოტა დამაცადე, მძიმე პაციენტი მყავს-მეთქი. იმდენი ვათმენინე, ძლივს მივაღწიეთ სამშობიარომდე, ლამის გზაში დაეწყო მშობიარობა.

გვანცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს მშობლებს არ აგრძნობინოს ჩემი არყოფნა. ალბათ ეს ყველაფერი ძვირად უჯდება, მაგრამ ძალიან ძლიერი ქალია.

სრულად წაკითხვა