ლეიბორისტები: “დგება ის დრო, რის შესახებაც გაფრთხილებდით – მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს”

1 hour ago 1

“დგება უმძიმესი ჟამი საქართველოს ისტორიაში. როგორც ლეიბორისტული პარტია აფრთხილებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ჩვენი არსებობისას, ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას ჩვენი ქვეყნისათვის”, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით.

“აღნიშნული აგრესიული, დანაშაულებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისათვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა: რეფერენდუმი, რატიფიცირებული ეგრეთ წოდებული კონვენციები და, საბოლოო ჯამში, ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა, გაერთიანონ ეგრეთ წოდებული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.“

„რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი ადგილზე და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე, ოლიგარქი დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოსვლისთანავე ხელისუფლებაში, კრემლის მითითებით, გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოეღობა ეს მიწა ოძისისდან რაჭის მთებამდე.“

„შემდგომ, არცერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველმხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აი, აქამდე მისულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ის მიმართავს საქართველოს მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ მთავრობებს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს — სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებო რეჟიმში, დაიგმოს რუსეთის აგრესიული, ანექსიური მოქმედებები საქართველოს მიმართ, დაწესდეს სანქციები რუსეთის ფედერაციაზე იმის გამო, რაც ჩაიდინა და რასაც ჩადის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

„მივმართავთ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას — დაუწესონ სანქციები ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ყველა თანამდებობის პირს, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიდან დაწყებული, ადგილობრივი სეპარატისტული მმართველობის წარმომადგენლით დაგვირგვინებული. ეს სანქციები უნდა იყოს სავიზო, ქონებრივი, რომ მათ ცხვირი ვერ გაყონ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში.“

მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს — დაუყოვნებლივ გასცეს დაპატიმრების ორდერი ქართველი ხალხის მოღალატე, ქართული მიწის პუტინზე გამჩუქებელ დიქტატორ ივანიშვილის წინააღმდეგ და აღსრულდეს აღნიშნული დაპატიმრების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


რუსული გამოცემა Meduza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადადგომისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის ფონზე, მოსკოვში შესაძლოა კვლავ განიხილონ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი.

23 ივნისს, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება და ამის გამო ტოვებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს.

გადადგომის შესახებ მან კრემლში პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის 2026 წლის მაისში მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების გათვალისწინებით.

საუბარია 2026 წლის 9 მაისს გაფორმებულ რუსეთ–სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას აძლევს (და პირიქით).

ამ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ , 8 ივნისს გაგლოევმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო- რედ]. მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე წარადგინა რუსეთის მოქალაქე მარატ კალამბოვი, რომელიც მანამდე რუსეთის მთავრობაში მუშაობდა.

კამბოლოვი პრემიერის პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ მთავრობის თავმჯდომარე ასრულებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე. შედეგად, კამბოლოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა.

„მედუზას“ ერთ-ერთი წყარო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის დაახლოებული, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს კრემლში განიხილებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ან რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების სცენარი.

წყაროს თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის „ტერიტორიული მონაპოვრების“ დემონსტრირებას ემსახურებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დატოვა.

მისივე განცხადებით, იდეა სერიოზულად, თუმცა ხანმოკლე პერიოდით განიხილებოდა.

„ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობა ამის მომხრეა, აფხაზეთში კი უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია. შედეგად, მხოლოდ ოსეთის მიერთება ზედმეტად მცირე შედეგად მიიჩნიეს“, – უთხრა წყარომ „მედუზას“.

გამოცემასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის პოლიტიკის მცოდნე ერთ-ერთმა პოლიტტექნოლოგმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა „რუხ ზონას“ წარმოადგენს, სადაც ფულის გათეთრება და განაღდება ფართოდ არის გავრცელებული, რის გამოც „მისთვის ხელის ხლება არ ისურვეს“.

გაგლოევის წინამორბედმა, ანატოლი ბიბილოვმა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, თუმცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაგლოევმა მისი ჩატარება გადადო.

„როგორც ჩანს, ახლა კვლავ ფიქრობენ მინი-სსრკ-ის პროექტზე“, – განაცხადა „მედუზასთან“ საუბარში პოლიტტექნოლოგმა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე მუშაობდა.

სრულად წაკითხვა