WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ლელო — ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, დროებით გაუქმდეს ან განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი.

„ყოველდღიურად მძიმდება საქართველოს მოქალაქეების ყოფა. დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 თეთრი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვს არანაირი პასუხი“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ — შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულზე, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება. დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ“, — განაცხადა სამუშიამ.

საქართველოში დიზელის ფასმა 5-ლარიანი ნიშნული გადალახა. ქართულ რეალობაში ეს მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია. ბოლო 1 წელიწადში ბენზინი 35%-ით, დიზელი კი 65%-ითაა გაძვირებული. უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთ წელიწადში ლიტრი ბენზინი საშუალოდ ₾1.15-ით გაძვირდა, ლიტრი დიზელი კი – ₾1.95-ით.

საქართველოში დიზელის ფასი 5 ლარს გადასცდა, გაძვირდა ბენზინიც