ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 92 წლის ლეო ანთაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:
“რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ, ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტიქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას. რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ, რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყურშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.
შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: ,, ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია, ან ნაძირალა” დასკვნა თქვენთვის მომინდია.
გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები ,, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.” ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირლები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.
მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას – არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა, როგორც სიბოროტის სიმბოლო. პუტინსაც , ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატებად მოიხსენიებს ისტორია.
P.S. არ მეგონა, თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები, აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!”