ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციები შეთანხმდნენ ბირთვული იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განლაგებაზე კონსტიტუციური აკრძალვის მოხსნაზე. მის სიტყვებს იმოწმებენ Reuters-ი და LRT.
„ეს არის აბსოლუტური აკრძალვა, რომელიც გამონაკლისებს არ შეიცავს. ამრიგად, ლიეტუვა ფაქტობრივად ნატოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ნებაყოფლობით დააწესა ასეთი აკრძალვა. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ფაქტორს“, თქვა ნაუსედამ და მიუთითა ფინეთზე, რომელმაც 17 ივნისს მოხსნა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით ბირთვული იარაღის ტრანზიტზე და თავდაცვის მიზნით მის შენახვაზე.
მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების პოზიციები მთლიანობაში ერთმანეთს დაემთხვა და ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება.
ნაუსედამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ლიეტუვა არ აპირებს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას, მაგრამ ამ დებულების მოხსნა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მიიღოს ზომები უსაფრთხოების ვითარების შეცვლის შემთხვევაში. ლიეტუვა დარჩება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე, დასძინა მან.
პარლამენტის სპიკერმა იუოზას ოლეკასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცვლილებები შესაძლოა 2026 წლის ბოლომდე იქნეს მიღებული.
Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეერთებული შტატები ნატოს რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით. ლაპარაკია ქვეყნებზე, სადაც ჯერ არ არის ასეთი შეიარაღება. გამოცემის ცნობით, ამ საკითხისადმი ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·