კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში მეოთხე დღეა მძვინვარებს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე.
ხანძრების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 9 იანვრის დღის ბოლოსთვის მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ებრძოდნენ ხუთ რაიონში. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა.
ყველაზე მეტად დაზარალდა პასიფიკ-პალისეიდსის რაიონი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.
2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.
მთლიანად კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში გაანადგურა დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი.