ონისე ცხადაძე: ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო

3 hours ago 1

​​​​​​​პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას, ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

„იმის მიუხედავად, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის...

ამ [ჩემს] რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე“, - მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.

მისი თქმით, ნანახი აქვს საქმეში არსებული მტკიცებულება, რის გამოც მას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება:

„ნანახი მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერად კვამლს რომ უშვებს, მაგის სროლა. ისე, ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ...

გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატეთ“.

დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურს შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.

უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.

სრულად წაკითხვა