ლოტკინის დასახლებაში სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონი დაეცა

1 hour ago 1

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ სკვერში, 14 წლის მოზარდს ატრაქციონი დაეცა.

როგორც ადგილობრივები „ტვ პირველთან“ ამბობენ, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა, სადაც ნათქვამია, რომ მყარი კონსტრუქცია სკვერში ყველა სტანდარტის დაცვით იყო განთავსებული და ის მოზარდებმა დააზიანეს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა.

მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას.

მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს“, – ნათქვამია ნაძალადევის გამგეობის განცხადებაში.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: „ტვ პირველი“

სრულად წაკითხვა