ლუკაშენკას თვითმფრინავი "პუტინის სათადარიგო აეროდრომთან" შენიშნეს

2 hours ago 4

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა დღეს რუსეთში ჩავიდა წინასარ გამოუცხადებელი ვიზიტით. ტელეგრამის არხმა „პულ ვერვოგო“, რომელიც მის ადმინისტრაციასთან არის კავშირში, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩამოდის ის თვითმფრინავიდან.

არხი შემდგომში იუწყებოდა, რომ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაიწყო პუტინის რეზიდენციაში, ვალდაიში.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტმა „სისტემამ“ დაადგინა, ვიზიტის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ლუკაშენკას თვითმფრინავი იმყოფებოდა ე.წ. „პუტინის ალტერნატიულ აეროდრომთან“ ახლოს ხოტილოვოში, რომელიც ამ რეზიდენციის მახლობლად მდებარეობს. ასევე დაკეტილი იყო ხოტილოვოდან პუტინის რეზიდენციამდე, ვალდაიში, მიმავალი ფედერალური გზატკეცილი.

სერვის FlightRadar24-ის ცნობით, Boeing 737-800 ნომრით EW-001PA, რომელსაც რეგულარულად იყენებს ბელარუსის პრეზიდენტი, მინსკიდან დაახლოებით დილის 10:00 საათზე აფრინდა და ჩრდილო-დასავლეთისკენ გაემართა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თვითმფრინავმა ტრანსპონდერი გამორთო ტვერის ოლქში, ანდრეაპოლის თავზე. ამ დროს თვითმფრინავი „ხოტილოვო-2“-ის ავიაბაზის მიმართულებით მიფრინავდა.

მოსკოვის დროით დაახლოებით შუადღისას იმავე თვითმფრინავმა ჩართო ტრანსპონდერი ბუხოლოვოს თავზე. ეს სოფელი „ხოტილოვო-2“-დან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს. თვითმფრინავი ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართებოდა. ორმოცდაათი წუთის შემდეგ Boeing-ი მინსკში დაეშვა.

პარასკევს გამოცემა „აგენტსტვო“, მძღოლებსა და Google Maps-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა M-11 ფედერალური გზატკეცილის მონაკვეთის დახურვის შესახებ, რაც მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 11:00 საათზე დაიწყო. Google Maps-ის თანახმად, გზა დაიკეტა აეროდრომ „ხოტილოვო-2“-თან ყველაზე ახლოს მდებარე M-10 გზატკეცილთან გადასასვლელიდან დაახლოებით სოფელ უგლოვკამდე, სადაც მდებარეობს ვალდაიში პუტინის რეზიდენციისკენ ერთ-ერთი მისასვლელი.

„სისტემა“ ადრე დეტალურად იტყობინებოდა ავიაბაზა „ხოტილოვო-2“-ის შესახებ, რომელსაც იყენებენ როგორც სამხედრო თვითმფრინავები, ასევე სპეციალური საფრენი რაზმი „როსია“, რომელიც მაღალჩინოსნებს ემსახურება. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ პუტინი თავად იყენებს ხოტილოვოს აეროდრომს ვალდაიში, თავის რეზიდენციაში მისასვლელად.

სრულად წაკითხვა