კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის უფროსი შვილი, ირინოლა ჩარკვიანი, მამას ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:
„სიცარიელე… სევდის სინაზე… წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული… შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში…. მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… ჩემს სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ. „ახლა რა ვუყო…”.
…
„სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ გელი, იცოდე, ასე არსად გელიან.
ყველა ფერზე ლამაზი მაინც შენი ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ ვმღერი, იცოდე, ასე არსად მღერიან.
ყელს შეგაბამ მარგალიტებს, ყველა ჩემი ცრემლია,
სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია“.
ეს ლექსი კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის დედას, ქალბატონ ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის, მუსიკა – მამუკას, ხოლო თავად სიმღერა ირინოლა ჩარკვიანს ეძღვნება, მამუკას უფროს ქალიშვილს. პოეტ ბაბუას, ჯანსუღ ჩარკვიანს და მამას, მამუკას, ბევრი ნაწარმოები აქვთ მისთვის მიძღვნილი.
„სარკის” არქივში ინახება 23 წლის ირინოლასთან. ეს ქართულ პრესაში მისი პირველი ინტერვიუა, რომელმაც მაშინ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ირინოლა ჩარკვიანი: ძალიან დიდი ბაბუის და მამის შვილი – ეს შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა. მყავს პატარა სალომე, მეუღლე გიორგი მიქაბერიძე და მართლა თბილი ოჯახი.
— ირინოლა ვინ დაგარქვათ?
– ჩემმა ნათლიამ, ოთარ ჭილაძემ, თავის მეუღლესთან ერთად, ბაბუაჩემის მეგობარმა. ნამდვილდი ქართული სახელია, სვანური წარმოშობის. სვანეთში, თუ არ ვცდები, უნახავთ უზარმაზარი საფლავის ქვა, რომელზეც მხოლოდ ინოლა იყო დარჩენილი, ან იყო მარინოლა, ან ირინოლა. ირინოლა მოეწონათ და გადაწყდა, ჩემთვის ირინოლა დაერქმიათ.
— რა არის ჩარკვიანების ოჯახი თქვენთვის, რომლის ერთ-ერთი შთამომავალი ირინოლა ჩარკვიანია?
– ეს ოჯახი უზარმაზარი ტრადიციაა. მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ბებია და დიდი ბაბუა. ამ ტრადიციას სწორედ იქიდან ეყრება საფუძველი. იქ დაინერგა ჩემთვისაც სიმღერა, ლექსი, მერე უკვე ბაბუა, მამა…
ბაბუა ჩემთვის ყოველთვის მამა იყო, რადგან მე და მამუკას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ ბაბუა ჩემთვის მეორე მამაა, შეიძლება პირველიც. არ მახსოვს მისგან გაბრაზება, თბილია და ჩემთვის უსაყვარლესი. მისთვის ირინოლა სულ პირველი იყო. ბაბუას საბავშვო პატარა წიგნი აქვს გამოცემული და მას “ირინოლას ლექსები” ჰქვია…
ირმა უთბილესი ადამიანია, გაჭირვების ტალკვესია, არა მარტო ჩემთვის, ასეთივეა როგორც შინაურისათვის, ისე უცხოსთვისაც. ძალიან ჭკვიანია…
მამუკა ჩემი მეგობარია. მას მამას არც ვეძახი, ძალიან იშვიათად. ზოგჯერ ვბრაზდები მასზე, ალბათ ისიც ჩემზე. საერთოდ ისეა, როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე. ხან არის, რომ რაღაცაზე ვკამათობთ, ვმსჯელობთ, ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ყოველთვის გემრიელად და კარგად ვართ.
— ყველა მისი სიმღერა მოგწონთ?
– ზოგი შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ მამუკა ყოველთვის მასმენინებს. უმრავლესობა კარგია. შეიძლება ერთი-ორი იყოს, რომელიც, უბრალოდ, მე არ მესმის, ჩემამდე არ მოვიდა. სამაგიეროდ, სხვა მეტად მომწონს. როდესაც მოვისმენ სიმღერას, აზრს მეკითხება, როგორიაო. მეც ვეუბნები ჩემს შეხედულებას. “ირინოლა” მეტად მომწონს, მამუკა მას დიდი სიყვარულით მღერის.
— გაგვაცანით დედათქვენი.
– დედაჩემი არის მაია კოკაია, ინგლისური ენის სპეციალისტი. რა ვიცი, დედაც ჩემი მეგობარია, ძალიან მიგებს. ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს…
— თქვენს გაპარვას როგორ შეხვდა ტრადიციული ოჯახი?
– ძალიან მძიმედ. ძლივს შემოვირიგე. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო. ასე არ უნდა დამეწყვიტა იმ ადამიანებისთვის გული, რომლებიც მზრდიდნენ.
— მაგრამ სიყვარულს ვერ მოერიეთ, არა?
– სიყვარულმა სძლია.
— ისე მოხდა, რომ მამუკა ჩარკვიანს ახლა სხვა ოჯახი აქვს. თქვენ გყავთ პატარა ძმა ჯაკუნა, რომელიც თქვენი შვილის ტოლია. რა გრძნობაა ეს?
– ჩემსა და ჯაკუნას შორის დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი სისხლი და ხორცია, მაგრამ სალომე და ჯაკუნა უფრო ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ერთად გაიზრდებიან…