2026 წლის ივნისი გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით შედარებით მშვიდი თვე იქნება, თუმცა თვის შუა პერიოდში რამდენიმე დღე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. არსებული პროგნოზების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი გეომაგნიტური მოვლენები 11 და 12 ივნისს არის მოსალოდნელი, როდესაც დედამიწის მაგნიტოსფეროზე მზის აქტივობის გავლენა შესამჩნევად გაიზრდება.
როგორც ცნობილია, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე მიმდინარე ამოფრქვევებისა და კორონალური მასის გამოტყორცნების შედეგია. როდესაც დამუხტული ნაწილაკების ნაკადი დედამიწამდე აღწევს, ის პლანეტის მაგნიტურ ველს ეჯახება, რაც გეომაგნიტურ არასტაბილურობას იწვევს. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ მაგნიტურ ქარიშხალს.
როდის არის მოსალოდნელი ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური აქტივობა?
ივნისის დასაწყისში, 1 და 3 ივნისს, მაგნიტოსფერო შედარებით აღგზნებულ მდგომარეობაში იქნება, თუმცა ამ დღეებში სრულფასოვან მაგნიტური ქარიშხალი არ არის მოსალოდნელი. მდგომარეობა, ძირითადად, სტაბილური დარჩება და მოსახლეობის უმრავლესობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერც იგრძნობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 11 და 12 ივნისს იწყება.
🔴 11 ივნისი – პროგნოზის მიხედვით, გეომაგნიტური ინდექსი Kp 6-მდე გაიზრდება, რაც G2 კლასის საშუალო სიმძლავრის მაგნიტურ ქარიშხალს შეესაბამება.
🔴 12 ივნისი – აქტივობა კვლავ მაღალი დარჩება და Kp 5-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც G1 კლასის სუსტ, თუმცა შესამჩნევ მაგნიტურ ქარიშხალს ნიშნავს.
ამის შემდეგ, 13 ივნისს, აქტივობა შემცირდება და მაგნიტოსფერო თანდათან დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. თვის დარჩენილი ნაწილი უმეტესად მშვიდი იქნება, მხოლოდ ცალკეულ დღეებში დაფიქსირდება უმნიშვნელო გეომაგნიტური აღგზნება.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანებზე?
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმის შესახებ, რამდენად პირდაპირ მოქმედებს გეომაგნიტური აქტივობა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში გარკვეულ დისკომფორტს განიცდის.
ყველაზე ხშირად სახელდება:
- თავის ტკივილი;
- შაკიკის გამწვავება;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ძილის დარღვევა;
- გაღიზიანება და განწყობის ცვლილება;
- არტერიული წნევის მერყეობა;
- კონცენტრაციის შემცირება.
- მაგნიტოსფეროს რყევები განსაკუთრებით მოქმედებს ხანდაზმულ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე და მეტეომგრძნობიარე ადამიანებზე.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 11-12 ივნისს?
ექიმები და სპეციალისტები ასეთ დღეებში რამდენიმე მარტივი წესის დაცვას გვირჩევენ:
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
- შეამცირეთ სტრესი და ფიზიკური დატვირთვა;
- დაიცავით ძილის რეჟიმი;
- შეზღუდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მოხმარება;
- რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა, თუ ამის საჭიროება გაქვთ;
- მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტური ქარიშხლები ადამიანების უმეტესობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის წინასწარ მომზადება სასარგებლოა.
გავლენა ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციებზე
გეომაგნიტური ქარიშხლები მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე არ მოქმედებს. ძლიერი აქტივობის დროს მათ შესაძლებელია გავლენა იქონიონ თანამგზავრულ სისტემებზე, GPS-ნავიგაციაზე, რადიოკავშირსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მართალია, ივნისში მოსალოდნელი G1-G2 დონის ქარიშხლები გლობალური მასშტაბის სერიოზულ შეფერხებებს ნაკლებად გამოიწვევს, თუმცა სპეციალისტები ასეთ პერიოდებში მზის აქტივობას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.
როგორი იქნება ივნისის საერთო სურათი
საერთო ჯამში, 2026 წლის ივნისი საქართველოში გეომაგნიტური მდგომარეობის თვალსაზრისით საკმაოდ მშვიდ თვედ ფასდება. თვის უმეტეს დღეებში მაგნიტოსფერო მშვიდი/სტაბილური იქნება, ხოლო მთავარი ყურადღება 11 და 12 ივნისზე გადადის, როდესაც მოსალოდნელია G1-G2 კლასის მაგნიტური ქარიშხლები.
თუ მეტეომგრძნობიარე ადამიანებს მიეკუთვნებით, სასურველია ამ დღეებში მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, საკმარისად დაისვენოთ და თავიდან აიცილოთ გადაღლა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს წინასწარი პროგნოზია და შეიძლება შეიცვალოს, რადგან არავინ იცის, მზე როგორ „მოიქცევა“. სპეციალისტების თქმით, ყველაზე ზუსტი პროგნოზი სამდღიანი პერიოდისთვის კეთდება.
თამთა გურული

1 day ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·