მადონა კოიძე: „33 წელია, ჩემი კედელი და იმედი ჩემი მეუღლეა”

1 week ago 2

 „33 წელია, ჩემი კედელი და იმედი ჩემი მეუღლეა"„სარკე“, რუსუდან ადვაძე

პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „სახალხო კონტროლის” წამყვანი, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე, სახლშიც უზომოდ მომთხოვნია და ამას მისი ქმარ-შვილი ისე შეეჩვია, თვითონაც მას დაემსგავსნენ.
მისი ქმარი ბიზნესმენი მამუკა დეისაძე გახლავთ, მათ ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. მადონა “სარკესთან” ამბობს, რომ შვილები “დესპოტურად” გაზარდა. მიიჩნევს თუ არა დღეს ამ მეთოდს გამართლებულად და რა ასწავლა, როგორც ქალს, ოჯახურმა ცხოვრებამ, ამის შესახებ ქვემოთ, მადონა კოიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მადონა, როგორია „სახალხო კონტროლით” განვლილი გზა, რა გამოცდილება შეგძინათ, რა გასწავლათ?

-ჩემი, ლიზა ვადაჭკორიას და მარიკა ხიდურელის მიზანი ის იყო, რომ ზემოქმედება მოგვეხდინა მომავალ თაობაზე და აგვემაღლებინა ქვეყანაში სამომხმარებლო კულტურა. ადამიანს, როგორც მომხმარებელს, შეძლებოდა ხმამაღლა საკუთარი აზრის დაფიქსირება და თავის დაცვა. ახლა კი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამ მიზანს მივაღწიეთ.
ამ გადაცემამდე წლები ვაკეთებდი იმავე საქმეს, 2000 წლიდან ვემსახურები მომხმარებელს, მათ უფლებებს ვიცავ. აქედან გამომდინარე, ამ გადაცემამ შეიძლება ის მასწავლა, რომ უფრო თავისუფლად ვმუშაობ კამერებთან, თორემ რომ გითხრათ, როგორც სპეციალისტი, გავიზარდე-მეთქი, ნამდვილად არაობიექტური ვიქნები საკუთარი თავის მიმართ.
– საერთოდ, მომთხოვნი ხასიათი გაქვთ?
– კი, სახლშიც და გარეთაც ერთი და იგივე ვარ. არსად ვთამაშობ და არ ვცდილობ, თუნდაც გადაცემისთვის რაიმე განსაკუთრებული შევქმნა. ეს არის ჩემი ხასიათი. შესაბამისად, არანაირი სხვაობა არ არის სახლში ყოფნისა თუ მუშაობის პროცესში, ყველგან ერთნაირი მომთხოვნი ვარ. პირველ რიგში, საკუთარი თავიდან ვიწყებ და მერე უკვე სხვებს ვთხოვ.
– ამის გამო ოჯახში არ გეუბნებიან, რთული ხასიათის ხარო?
– კი, რთულია. მეც ბევრ სირთულეს ვაწყდები და ვხვდები, რომ ხშირად ზღვარს გადავდივარ. შვილებთან მიწევს კონფლიქტი. ძალიან რთულია, სულ დაძაბული იყო და დაგძახოდნენ, ეს იქ რატომ არ დევს, ეს იქ რატომაა და ა.შ. რა ვქნა, ეს არის ჩემი ხასიათი, რასაც ვერაფერს ვუხერხებ. ყველაფერი მიყვარს სკურპულოზურად მოწესრიგებული და დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს. ზედმეტი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ოჯახშიც არავის უნდა.
– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, როგორ ცხოვრობთ ეკრანის მიღმა.
– ჩემს მეუღლეს მცირე ბიზნესი აქვს. ძალიან მეხმარება მეც და ჩემს შვილსაც შვილიშვილების აღზრდაში. მაგალითად, არ დავდივარ ბაზარში. ბაზარში ჩემი თითოეული ვიზიტი ცუდად მთავრდება და, აქედან გამომდინარე, ჩემი მეუღლე ცდილობს, ჩამანაცვლოს, თვითონ იაროს. არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. 33 წელია, ერთად ვართ და ძალიან კარგად იცის ჩემი გემოვნება – რა უნდა იყიდოს, როგორ უნდა შეარჩიოს, როგორი მომეწონება და ა.შ. ასე რომ, ფანტასტიკურად ვართ ერთმანეთს მორგებული.
– ოჯახის საქმეებშიც გეხმარებათ?
– არა. რაც დიასახლისის და ქალის გასაკეთებელია, ნამდვილად არ მეხმარება, არც სამზარეულოში. ლიზა ვადაჭკორიასი რაც მშურს, ის არის, რომ მისი მეუღლე, დიმა, არის არაჩვეულებრივი კულინარი და არა მხოლოდ ლიზას, ხშირად ჩვენც გვანებივრებს რაღაც გემრიელობებით. კორეულ სალათებს აკეთებს, განსაკუთრებულ კერძებს იგონებს. ჩემი მეუღლე რაშიც მეხმარება, იმის მადლობელი ვარ. ის თვლის, რომ სამზარეულო ქალის პრეროგატივაა.
– ბაზარში თქვენი “ვიზიტი” ცუდად რატომ მთავრდება ხოლმე?
– იქაც ძალიან მომთხოვნი ვარ, მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო მადონა, ეს სათქვენო არ არისო. ვითომ ცდილობენ, პატივი მცენ და ამ დროს ვფიქრობ, თუ საჩემო არ არის, სხვებისთვის რატომ არის, რით განვსხვავდები მათგან? მაშინ სხვებისთვისაც არ უნდა იყიდებოდეს! თუ არ მომწონს რამე, ხმამაღლა ვაფიქსირებ ხოლმე პრეტენზიას.
მოდით, 33 წლის წინ გადავინაცვლოთ და გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია, სიყვარულის ამბავი.
– მამუკა ქუთაისში ცხოვრობდა და მე იქ ბებოსთან, დედის დედასთან, ჩავდიოდი სტუმრად. მეზობლის მეუღლის მეგობარი იყო მამუკა. მეზობელთან სტუმრობის დროს გამიცნო და დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა-შეყვარებულობის პერიოდი. ძალიან მანებივრებდა. მაშინ საკმაოდ რთული იყო განსაკუთრებული ტკბილეულის მოძიება. მე კი ძალიან მსუნაგი ვარ და ის ახერხებდა ჩემთვის ტკბილეულის მოტანას.
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით და მე მქონდა სპეციალური კალათა, რომელსაც მესამე სართულიდან ჩავუშვებდი ხოლმე. მამუკა ტკბილეულს აწყობდა – “კოკა-კოლებს”, “პეპსი-კოლებს”, განსაკუთრებულ შოკოლადებს და მეც უბედნიერესი ვიყავი. ასე ძალიან ლამაზად მანებივრებდა და ლამაზი პერიოდიც იყო.
მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია და, როგორც ბავშვს, ისე მანებივრებდა. ასეთი დამოკიდებულებით შემაყვარა თავი და დღესაც ჩვენი ერთად ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება.
– ამ წლების განმავლობაში თქვენი გამოცდილებით, თვენი ცხოვრებით ალბათ დაგიგროვდათ ქალური სიბრძნე. ხომ არ გაგვიზიარებდით?
– არ ვიცი, ეს რამდენად არის ქალური სიბრძნე, მაგრამ ვთვლი, რომ არ არსებობს ლამაზი და ულამაზო ქალი და ამაში ნებისმიერს შევედავები. არსებობს მოვლილი და მოუვლელი ქალი. მოვლილი ქალი შარმიანია. როდესაც საკუთარ თავს სცემ პატივს, ირგვლივ მყოფებიც გცემენ პატივს და უფრო ბედნიერიც არის ადამიანი, როდესაც შემდგარია. სხვა პატივისცემას იმსახურებს ქალი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს, როგორი გარეგნობაც გინდა ჰქონდეს.
ხშირად მომისმენია, არ მაქვს საშუალებაო. არ უნდა ამას საშუალება. საკმარისია, გემოვნება გქონდეს, სწორად შეახამო რაღაცები. შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ მე დღესაც ვზივარ და ვსწავლობ, როგორ მივხედო საკუთარ თავს, რომ გამოვაჩინო ჩემი დადებითი და დავმალო ის, რაც უარყოფითი მაქვს.
– ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ეთანხმებით იმას, რომ შვილი მტრად უნდა გაზარდო, მოყვარედ რომ გამოგადგეს?
– ახლა ვფიქრობ, რომ მეგობრული დამოკიდებულება და დიალოგი ყველაფერს სჯობია. ახლა რომ დრო უკან დავაბრუნო, სხვანაირი დედა ვიქნებოდი, უფრო თბილი, ლმობიერი და ისეთი მკაცრი არ ვიქნებოდი. შეცდომა დავუშვი, მკაცრი რომ ვიყავი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“

სრულად წაკითხვა