მაკრონი საქართველოში კრიზისიდან გამოსავლის გზად ხელახალ არჩევნებზე მიუთითებს

1 day ago 2

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თუ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, ის უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისაუბრა რუსეთის აგრესიის გაძლიერებაზე მეზობლების მიმართ და არჩევნებში ჩარევაზე.

„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთმა მოულოდნელად შეიცვალა ალიანსი და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ქმედებებს, რადგან სომხეთს პირველად ჰყავდა გაბედული პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოსკოვს წინ აღუდგა; საქართველოში, სადაც აშკარად მოახდინა საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია და გაყალბება; მოლდოვაში, სადაც იგივე სცადა უშედეგოდ. მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობას და მონდომებას. ჩვენზეა დამოკიდებული, ერთობლივად გამოვიჩინოთ სიფხიზლე არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მან მოუწოდა დიპლომატიურ სამსახურს, გააგრძელოს ჩართულობა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს „მამაც პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილთან და დემონსტრანტებთან.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შირაზ გასრი X-ზე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის გამოსვლას. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცევს, აფასებს დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.

„ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში რუსულ ჩარევაზე.

„თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა