მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

5 days ago 2

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს უგზავნის და შვილის რუსების ტყვეობიდან გამოხსნაში დახმარებას სთხოვს.

დალი ჩხეიძე აშშ-ის პირველ ლედის მოუწოდებს თანაგრძნობა გამოიჩინოს:

“გწერთ, როგორც გულ გატეხილი დედა. ჩემი შვილი, მამუკა გაწერელია, 2022 წელს უკრაინაში, აზოვსტალში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ტანჯვის შემდეგ, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ეს სასჯელი აუტანელი და უსამართლოა.

მის გარეშე ყოველი დღე ტკივილით არის სავსე და იმის ცოდნა, რომ ის შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს სახლში, ჩვენს ოჯახს ანგრევს. მოგიწოდებთ, როგორც თავად დედას, გამოიჩინოთ თანაგრძნობა და დაგვეხმაროთ ჩემი შვილის ბედის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

თქვენი ხმა გავლენას ახდენს და შეუძლია იმედი მოიტანოს იქ, სადაც თითქმის აღარაფერი დარჩა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ მამუკას სამართლიანობისთვის ბრძოლაში. დედის გული არასდროს წყვეტს ლოდინს და მე არასდროს შევწყვეტ ლოცვას მისი თავისუფლებისთვის. ღრმა პატივისცემითა და იმედით, დალი ჩხეიძე”.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 24 წლის მამუკა გაწერელიას ოკუპანტებმა უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა. რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თითქმის 3 წელია სთხოვს.

სრულად წაკითხვა