„მანჩესტერ სიტის“ მცველი მანუელ აკანჯი კარიერას იტალიურ „ინტერში“ გააგრძელებს. შვეიცარელი ფეხბურთელი სერია A-ს გუნდში იჯარით გადადის, გამოსყიდვის შესაძლებლობით.
„სიმშვიდე, გონივრულობა და სტაბილური ძალა – ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლებსაც აკანჯი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე წარმოგვიდგენს. გვიხარია, რომ მანუელი ჩვენს გუნდში დავიმატეთ და ახალი თავგადასავლის დაწყებასთან ერთად წარმატებებს ვუსურვებთ,“ – ნათქვამია „ინტერის“ ოფიციალურ განცხადებაში.
აკანჯი შვეიცარიული ფეხბურთის აღზრდილია. კარიერა დაიწყო „ვინტერტურში“, შემდეგ თამაშობდა „ბაზელში“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“. შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. „მანჩესტერ სიტისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იყო გაფორმებული.