„სარკე“, ავთო ჩიტიძე
მომღერალმა მარიამ შენგელიამ მუსიკალურ სფეროში უკვე დიდი გზა განვლო. 15 წლიდან ის მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებითა და შოუებით გაიცნო. აქედან მოყოლებული ის ძალიან დამოუკიდებელი და აქტიური მომღერალია. თვლის, რომ თავის ასაკში ძალიან ბევრს მიაღწია, ამაზე მისი საკონცერტო გრაფიკიც მეტყველებს და ისიც, რომ წელს მან საქართველო ძალიან შთამბეჭდავად წარადგინა „ევროვიზიაზე“.
მარიამ შენგელია ერთი წლის წინ „სარკეს“ თავის მუსიკალურ კარიერასა და პირადზე უამბობდა:
– ძალიან კარგად მიდის ჩემი ცხოვრება, სადაც კი ჩემი ნამღერი ვიდეოები იდება, ისეთი კომენტარებია, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არის. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ბოლო პერიოდში ერთი ცუდი კომენტარიც არ შემხვედრია ჩემ გარშემო. მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ყველას, ვინც არ იშურებს და ჩემ მიმართ თავის სითბოს გამოხატავს.
– ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური ხართ მუსიკაში.
– კი, ზოგადადაც ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ტიპი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი ვაკეთო. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ, მაგრამ ხანდახან რომ გადავხედავ, რამდენი გამოვიარე ჩემს პროფესიაში, მგონია, რომ გაცილებით უფროსი ვარ. 15 წლიდან სცენაზე ვარ და ვგრძნობ, რომ სულ უფრო მეტად ვვითარდები. მოკლედ, კარგი სტარტი და ეტაპი მაქვს. იმედია, ავი თვალი არ მეცემა.
– პატარა ასაკში ჩაებით შოუბიზნესში. იყო თუ არა ეს თქვენთვის რაიმე უარყოფითის მომტანი?
– არ ვფიქრობ, რომ განვლილ ცხოვრებაში რაღაცები არ უნდა გამეკეთებინა, არაფერს ვნანობ. ყველა ჩემმა გადადგმულმა ნაბიჯმა რაღაც დადებითი მაინც მომიტანა, მათ შორის იმ კონკურსებმა, რომლებშიც მივიღე მონაწილეობა.
– მგონია, რომ კონკურსები აღარ გაინტერესებთ და არც არასოდეს მიიღებთ მონაწილეობას.
– ვფიქრობ, რომ საქართველოში მუსიკალური პროექტები ამოვწურე. ამაზე მეტის დამტკიცება უკვე აღარ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კონკურსის გამარჯვებული არ ვარ, ვფიქრობ, მაქსიმალურად გამოვიყენე თითოეული. ბევრს გაუმარჯვია კონკურსში, მაგრამ მისი სახელი და გვარი მალევე დაკარგულა.
– სად ხედავთ თქვენს მომავალს?
– მხოლოდ სცენაზე. სცენა ის ადგილია, სადაც თავს ვგრძნობ ყველაზე იდეალურად. სხვა სფეროში და სხვა საქმეში არც შემიძლია და არც მინდა, თავი წარმოვიდგინო. მინდა, ვაკეთო ჩემი საავტორო მუსიკა, გამოვიტანო სააშკარაოზე. მინდა, რომ დიდ მასშტაბებზე გავიდე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– როგორ შეცვალა შოუბიზნესმა თქვენი ცხოვრების სტილი? თქვენს ბენდთან ერთად ხშირად გაქვთ ღამის კონცერტები, ალბათ ღამის ცხოვრებაზე გადაერთეთ.
– ნამდვილად, მე და ჩემს ბენდ ,,მიქსტურას“ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს და, შეიძლება ითქვას, სამი ათასჯერ მეტი კონცერტი გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. კვირაში, მინიმუმი, ოთხჯერ ვმღერი. რა თქმა უნდა, მინდა თუ არ მინდა, ღამის ცხოვრებაზე ვარ გადასული. თავიდან ამ რეჟიმზე გადასვლა ჩემთვის არაკომფორტული იყო, მაგრამ ამ რეჟიმს მივეჩვიე, თუმცა მაქვს ხოლმე ის პერიოდიც, როცა დეპრესიული ვარ და სახლში ყოფნა მირჩევნია.
– იმდენად მხიარული ხართ, ცოტა წარმოუდგენელია დეპრესიულ მდგომარეობაში თქვენი ყოფნა.
– არსებობს ორნაირი მარიამი, ერთი, რომელსაც საზოგადოება მიცნობს, თან მირჩევნია, ხალხი მიცნობდეს, როგორც სულ ბედნიერს და მხიარულს, მეორე მარიამს კი ხანდახან აქვს დეპრესიული პერიოდები. ეს ის პერიოდია, როდესაც მინდა, არაფერი ვაკეთო. ამ დროს სულ ვცდილობ, ვიყო სახლში და მხოლოდ საკუთარ თავსა და კომფორტზე ვიზრუნო. მაგალითად, ხვალ პირველად მივდივარ მარტო ცხოვრებაში სამოგზაუროდ და არ ვიცი, რა იქნება.
– რატომ გადაწყვიტეთ მარტო მოგზაურობა?
– ბოლო პერიოდში იმდენი კონცერტი მქონდა, მართლა ძალიან დავიღალე. ახალი წლის შემდეგ ვერ ამოვისუნთქე და ვერ დავისვენე. რატომღაც უცებ გადავწყვიტე, მარტო მოგზაურობის გამოცდილება მქონოდა ცხოვრებაში. აღმომაჩნდა თავისუფალი სამი დღე და მაშინვე დავგეგმე. ზუსტად ვიცი, რომ ამ მოგზაურობიდან ბევრად განახლებული ვერსია ჩამოვალ.
– რა არის თქვენთვის ფუფუნება და რით ანებივრებთ ხოლმე საკუთარ თავს?
– 15 წლიდან საკუთარი შემოსავალი მაქვს და ნამდვილად მაქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს არაფერი მოვაკლო.
– საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, მფლანგველი ხართ თუ მომავლისთვის ინახავთ?
– სანამ 21 წლის გავხდებოდი, შეიძლება ითქვას, უაზრო მფლანგველი ვიყავი. შოპინგის მანია მაქვს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ რაღაც ღირებულიც უნდა შევქმნა. ამიტომ ხარჯებში ცოტა მოვუჭირე. მართლა შემიძლია, ყოველდღე შოპინგზე ვიარო, მაგრამ ახლა თავს ვზღუდავ და ვცდილობ, ეს იშვიათად გავაკეთო.
– ბოლო დროს შეიცვალეთ ვარცხნილობა, თმა დაიმოკლეთ. ადვილად შეელიეთ გრზელ თმას?
– სხვათა შორის, ბევრმა მკითხა, ძალიან რთული პერიოდი ხომ არ გაქვს, თმა ასე მოკლედ რომ შეიჭერიო. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მართლა ძალიან კარგი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში და ამიტომ არ შემიჭრია თმა. მიყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები. თმის შეჭრა რომ მომინდა, ავდექი და წავედი, არც მიფიქრია, მომიხდებოდა თუ არა. ვთვლი, რომ ვარცხნილობა ასე არასოდეს მომხდომია. თან ამბობენ, რომ გრძელი თმა ავ თვალს ინახავსო და მართლაც, როგორც კი შევიჭერი, ასე მგონია, ბევრი სიმძიმისგან გავთავისუფლდი.
– ცრურწმენების გჯერათ?
– კი, ავი თვალის მართლა მჯერა. შავ კატაზეც ძალიან ცუდი რეაქციები მაქვს ხოლმე. შავი კატა როცა შემხვედრია გზაში, დარწმუნებული ვარ, ის დღე კარგად არ წასულა.
– ასევე ძალიან წარმატებული და ბედნიერი პერიოდი გაქვთ პირად ცხოვრებაში. რამდენადაც ვიცი, შეყვარებული ხართ.
– კი, ნამდვილად. ვთვლი, რომ ამ ასაკში ყველაზე ლამაზია სიყვარული და აბსოლუტურად სხვა შეგრძნებებია. ამ სიყვარულმა სხვა ემოციები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, სხვა ენერგიითა და მოტივაციით ვაკეთებ თუნდაც ჩემს საქმეს. მინდა, სულ ასე გაგრძელდეს.
– რამდენ ხანს ითვლის თქვენი სიყვარული?
– ერთი წელია, გრძელდება, ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ჯერ არც კი გვიჩხუბია. ძალიან გაგებით და შეგნებით ვეკიდებით ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ, მაგრამ ჩხუბი, ბუტიაობები და დაშორებები არ გვქონია.
– რა იპოვეთ ამ სიყვარულში, რაც თქვენთვის ყოველთვის ღირებული იყო?
– რაც მთავარია, ჩემი ესმის, აბსოლუტურად მომყვება ყველაფერში. ძალიან მოსწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელსაც არ მოეწონებოდა ჩემი პროფესია და ჩემი საქმე.
– როგორ განებივრებთ და როგორ გამოხატავს ყურადღებას საყვარელი ადამიანი?
– რა თქმა უნდა, სიურპრიზი ჩვენს ურთიერთობაში ბევრია, თუმცა მე არასოდეს მაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ ადამიანმა მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებზე უნდა გაგიკეთოს საჩუქარი. სიურპრიზები ბევრად ემოციურია.
– ფიქრობთ, რომ 21 წლის ასაკში მზად ხართ ოჯახური ცხოვრებისთვის, თუ თვლით, რომ დაოჯახება გარკვეული ასაკის შემდეგ უნდა იფიქროს ქალმა?
– ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ამაზე არასოდეს ვფიქრობ. ნამდვილად არ დავფიქრებულვარ ოჯახურ ცხოვრებაზე და ამიტომ არც ვიცი, მზად ვარ თუ არა. ყველაფერს დრო და სიტუაცია მოიტანს. ასე მგონია, ხშირად სწორედ ის ადამიანები თხოვდებიან 18-19 წლის ასაკში, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახი 25 ან 30 წლის შემდეგ უნდა შექმნა და მანამდე კარიერა უნდა აიწყო. ყველაფერი დამოკიდებულია გრძნობაზე, რამდენად ძლიერია და რამდენად გინდა, რომ ის ადამიანი იყოს მთელი ცხოვრება შენ გვერდით.
– ისე საუბრობთ სიყვარულზე, რომ მგონია, თქვენთვის იდეალური მამაკაცი იპოვეთ.
– თუ ასე ჩანს, ძალიან კარგია, შეიძლება ასეც იყოს.
„სარკე“, 2024 წელი