ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ აშშ-სა და ბალტიის ქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუწესონ. ის ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისგან და აშშ-სგან მაგალითი უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს", - წერს მარკო მიჰკელსონი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის აშშ-ს მიერ დასანქცირებას იმავე დღეს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.
„დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.
ესტონეთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ წევრებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ საქმეების გამხილველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, სულ 27 პირს.
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც მიესალმა. „როგორც იქნა“! - დაწერა მან.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.