ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტისთვის ირაკლი შაიშმელაშვილი ოჯახით უკვე აშშ-შია. მან ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა.
„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე რომ აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილო-ნახევარი კოკაინი ამოიღონო“, - თქვა მან.
უწყებიდან წასვლის მიზეზად, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ცემა და ძალადობა დაასახელა.
მან დეკემბრის დასაწყისში პატაკი დაწერა, საკუთარი მანქანა და გასაღები ჩააბარა და სამსახურიდან წასვლის განცხადებაში ფორმალური მიზეზი მიუთითა - „ოჯახური პირობების გამო“. გადაწყვეტილების რეალური მოტივი მისი ზემდგომებისთვის ცნობილი იყო, თავად უთხრა. საზოგადოებას კი სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ანიშნა.
„ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ვერც ფიზიურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი“, - ასე ახნა მან გადაწყვეტილება სატელევიზიო ინტერვიუში.
ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროდან 16-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს გადავიდა.
ის ამ უწყებას წარმოადგენდა 2021 წლის 5 ივლისს, 2019 წლის გავრილოვის ღამეს და ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის დროსაც.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ პოლიციის ძალადობა არა ცალკეული გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედება იყო. ნათქვამის დასადასტურებლად ის რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს ჰყვება. მისი მოყოლილი პასუხზე მეტ კითხვას აჩენს.
აქციის დაშლის წესი და რეალობა
ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა, რომ გეგმა, რომლითაც გდდ მასობრივ შეკრებებს შლის, არ ემთხვევა იმ ტაქტიკურ დოკუმენტს, რომლითაც შსს ასეთი ტიპი ოპერაციების დროს ხელმძღვანელობს.
ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი თავადაა, ბრძანების გამცემები კი მისი მტკიცებით, სხვა წესებით მოქმედებენ.
შაიშმელაშვილის ინტერვიუდან ირკვევა, რომ იქამდე, სანამ საქმეში გდდ ჩაერთვება ბრძანების გამცემები შს მინისტრის მოადგილეები არიან, სპეცრაზმის გამოყვანისთანავე კი ყველა უფლება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებასა და მისი მოადგილეების ხელში გადადის.
„ანგარიშსწორება დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული არ არის, ამას რასაც უყურებთ (დემონსტრანტებზე ძალადობა - რ.თ) ჩვენი ამოცანა არაა. აქციის დაშლა სრულიად სხვა ტაქტიკით მიდის“.
სისტემიდან წასული მაღალჩინოსნის შეფასებით, სამართალდამცველების ქცევა არა მართლწესრიგის აღდგენას, არამედ დაძაბულობისა და არეულობის დათესვას ემსახურება.
შაიშმელაშვილმა ისიც თქვა, რომ ბოლო ორი წელია გდდ-ს თანამშრომლებს მისი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება ამზადებს.
„შესაძლოა საიდუმლო წრთვნები ყოფილიყო, რაც თქვენ არ იცოდით?“, - იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც გდდ-ს მაღალჩინოსანი პასუხობს:
„იმედია მსგავს ფსკერზე არ დავიდოდნენ და ასეთი რაღაც არ არის მომხდარი“.
პრობლემად დაასახელა ცრემლსადენი გაზის გამოყენების ოდენობა და მასშტაბი. მისი „არანორმალური რაოდენობით“ გასროლა კი დაუკავშირა მიზანს: „დათესონ შიში აქციის მონაწილეებში“.
„თუნდაც 1000 კაცი იყოს, თუმცა იმ პერიოდში 10-15 ათასი ადამიანი იყო, მათ სჭირდებათ გონივრული დრო, რომ გადაადგილდნენ და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან უცებ ჩამოცვივდნენ და პირდაპირ შევარდნა, დაკავება, ჩხუბი, ცემა [დაიწყეს]. ამის საჭიროება არ დგას, გზას უჭრი, ეს ადამიანი რჩება დამკავებელსა და კოლოფს შორის, ექცევა ალყაში, გასასვლელი არ აქვს“, - თქვა მან.
ვინ არიან პოლიციელები „შავებში“ და არიან კი პოლიციელები?
„დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია, არ იფიქროთ, რომ „ვიღაც ვერ გავაკონტროლეთ“, - ამბობს შაიშმელაშვილი და გამოთქვამს ეჭვს, რომ შავნიღბიანი პირები, რომლებიც დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, შესაძლოა პოლიციელები არც იყვნენ. მისი ეს ვარაუდი ემყარება ამ ჯგუფების ქცევას, ჩაცმულობასა და მომზადების სტილს.
ის ეთანხმება ჟურნალისტის ეჭვს, რომ შავებში ჩაცმული, ნიღბიანი და განსაკუთრებით აგრესიული პირები სპეციალური ჯგუფები არიან, რომლებსაც აქციაზე არა მართლწესრიგის დამყარება, არამედ არეულობა სურთ.
„რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით. მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან...
მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი", - ამბობს შაიშმელაშვილი.
ამასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, გდდ-ში „ხარებას“ მისვლის შემდეგ, 2021 წლიდან პოლიციელები აღარ ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნომრებს, რაც მათ ამოცნობას შსს-საც კი ურთულებს და გზას უხსნის დაუსჯელობის სინდრომს. ეს გარემოება კი ძალადობის წამახალისებელი შეიძლება იყოს.
ახალი შიდა წესებით, ნიღბის ტარების უფლება სპეცრაზმის გარდა, ყველა სხვა დეპარტამენტის პოლიციელს მიეცა, იქნება ეს პატრული თუ კრიმინალური.
„რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს?", - სვამს კითხვას შაიშმელაშვილი და პასუხობს:
„რომ ვერ მოხდეს იდენტიფიცირება და თუ იქნება ცალკეული ბრძანებები მოქმედების არეალი გაეზარდოს...“.
ხელოვნურად გამოწვეული არეულობა
ირაკლი შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ გდდ აქციის დაშლის წინაპირობას თავად იქმნის, დაქირავებული პროვოკატორებით, რომლებიც სცენარის შესაბამისად მოქმედებენ, აგინებენ პოლიციელებს და სვრიან სხვადასხვა ნივთებს. საბოლოო მიზანი, აქციის მონაწილეების დემონიზებაა, რომ „იქ დგანან ქვეყნის მტრები“,
„ბევრჯერ იყო [საუბარი], აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ რაღაც საგნების სროლაზე და მერე აქციის მონაწილეების დემონიზება სწორედ ამით ხდება - ესენი არ არიან აქციის მონაწილეები, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არიან 500 და 1000-ლარიანი შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად ახდენენ ამ პოლიციელების მიმართ გინებას, რაღაცების სროლას და მსგავს სიბინძურეს, რომ მერე ამ რამდენიმე პირზე მთლიანი აქცია აქციონ მახინჯად და დემონიზებულად"
ის ამბობს, რომ დემონსტრანტების „გასვრის“ ოპერაცია სისტემის შიგნითაც წარმატებულია. პოლიციელებს „ინფორმაციით წამლავენ“ და აჯერებენ, რომ აქციაზე მოძალადეები და მოღალატეები დგანან.
რატომ არ სჯიან პოლიციელს, რომელმაც კანონი დაარღვია?
შაიშმელაშვილი დარწუნებულია, რომ დემონსტრანტებზე ძალადობის გამო არავინ დაისჯება, რადგან სისტემის შიდა სამზარეულო სხვანაირადაა მოწყობილი: „არავინ დაისჯება... ამით პოლიციელებს ეუბნებიან შენ თუ ამას გამიკეთებ, მე ამით დაგიცავ“.
ის აღწერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან კომუნიკაციის პროცესს: უწყება აგზავნის წერილებს ფორმალურად და შსს სცემს ფორმალურ პასუხს, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა.
„ამას ემატება სწორედ იდენტიფიცირების პრობლემა, შსს-ში თვითონაც არ იციან ვინ ვინ არის”, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ნაცემი და ნაწამები დემონსტრანტები ცალკეულ პოლიციელების გადაცდომის შედეგი არ არის, როგორც ამას შსს ამტკიცებს, არამედ ბრძანებაა.
„ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან, თუ არ აქვს მითითება დევნაზე, არ გაეკიდება“
ივანიშვილი და ხარება
შსს-ში სისტემა ცენტრალიზებულია, ყველა გადაწყვეტილება ზევიდან ქვევით პრინციპით მიიღება. აქედან გამომდინარე, ირაკლი შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს. თანაც, მანამდეც იცოდა ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას“) მჭიდრო კავშირების შესახებ.
"ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან (ვახტანგ გომელაურთან).
არ გამოვრიცხავ, რომ (ბიძინა ივანიშვილი) კავშირზე იყოს სხვა დეპარტამენტის ხელმაძღვანელებთან, მაგალითად ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან..." - ამბობს პოლკოვნიკი.
5 ივლისი
ჟურნალისტს არაფერი უკითხავს გავრილოვის ღამის დარბევაზე, თუმცა იკითხა 5 ივლისზე, დღეზე, როცა მემარჯვენე რადიკალურმა და ფაშისტურმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, დაარბიეს და სცემეს ლგბტ აქტივისტებს. პოლიციამ ისინი ვერ/არ დაიცვა.
შაიშმელაშვილმა პასუხად თქვა, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიცია საპატრიარქოს პრესმდივანთან, ანდრია ჯაღმაიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა. მას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება მოქმედებაში და კონკრეტულად, რა შეთანხმდა საპატრიარქოს წარმომადგენელთან.
მისივე მტკიცებით, ჯაღმაიძესთან კომუნიკაციის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ აცნობა და გეგმა, რომელიც გდდ-ს ჰქონდა შემუშავებული, ამ არგუმენტით არ აამოქმედეს.
„ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა”.
„ეს რომ დავადასტურო, დაიჯერებთ?“, - მოგვწერა ანდრია ჯაღმაიძემ და მოგვიანებით შაიშმელაშვილის პასუხად ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება“.
საოკუპაციო ხაზი
შაიშმელაშვილმა მოჰყვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკვე ორი წელია არ იყენებს აშშ-ს მიერ ნაჩუქარ შორი ხედვის სადაზვერვო ტექნიკას, რაც საოკუპაციო ხაზთან ეფექტურ მონიტორინგს ართულებს.
„მაღალი დაკვირვების მანქანები გადმოგვეცა, აქვს ფუნქცია დააკვირდეს მოწინააღმდეგეს შორ მანძილზე მაღალი გარჩევადობით. გადამზადდნენ ქვედანაყოფები, თუმცა არ იყენებენენ... ალბათ იმიტომ რომ რუსეთზე დაკვირება არ აწყობთ, რუსეთი არ გავაღიზიანოთ არ ვიცი“.
ის ვარაუდობს, რომ ამ ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
„ეს ხალხი ვინც ამას (დაზვერვა) უნდა აკეთებდეს, სხვის ფეისბუქებს უყურებენ, ვინ ვის მოუწოდა დაუკომენტარა, ასქრინშოტებენ და შეაქვთ ხელმძღვანელობასთან... ქაცარავა დათოსგან დადებული ინფორმაციებით გაგვიგია ხოლმე რა ხდება (საოკუპაციო ხაზთან - რ.თ. )
რატომ წავიდა ქვეყნიდან
ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობის დატოვების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა.
მუქარის გარდა, გდდ-ს ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას მოადგილის, მირზა კეზევაძის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც ჰყვება.
„იყო საუბარი, რომ ეს ღალატის ტოლფასი იყო, მინისტრის მოადგილემ მკითხა ამ პროცესების გამო მიდიხარო? და დავუდასტურე. გაგრძელებდა მოჰყვა ძალიან ცუდი - ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის მუქარა“, - თქვა შაიშმელაშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო ეს მხოლოდ მუქარა, თუ სისრულეშიც მოიყვანეს, შაიშმელაშვილმა უპასუხა: „ჩხუბი მომივიდა, იყო ფიზიკური თავდასხმა.
„ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, უკვე ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, გასაღები, აიდი, მანქანა, ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა ხარებასი და სცადა პროვოცირება. მირზასთან ( მირზა კეზევაძე - რ.თ.) მომივიდა მე კომფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის ( მილერი ლაგაზაური - რ.თ.), რომ მოგატყუაო.
არ ვიცი სად მოვატყუე. მე დავუფიქსირე, რომ ეს პროცესები ჩემზე გავლენას ახდენს, ის რომ შვილების ტოლა ბავშვებს ქუჩაში სცემენ და ამის მონაწილე ვარ, აღარ მინდა აქ მუშაობა. მოღალატეო და შეურაცხყოფები იყო მას შემდეგ, რაც წასვლის მიზეზი ვუთხარი, ვიჩხუბეთ".
ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, ამის შემდეგ მუქარის შემცველი ტექსტებით ურეკავდნენ:
„მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც მემუქრებოდნენ ლიკვიდაციაზე, რომ ყველაფერი შეუძლიათ“, - ამბობს ის.
გდდ-ს მაღალჩინოსანი თავიდანვე ქვეყნის დატოვებას არ გეგმავდა, მისი თქმით, სამსახურიც იშოვა, თუმცა მოგვიანებით უარი უთხრეს: „ახლა შენ ცოცხალი სამიზნე ხარ და შენი აყვანით მეც სამიზნე გავხდებიო”.
სანამ ქვეყანას დატოვებდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
იმ ამბების უმეტესობა, რასაც ირაკლი შაიშმელაშვილი ჰყვება, სავარაუდო დანაშაულია. რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა. უწყებას ამ დრომდე არ გაუცია არც შაიშმელაშვილის ბრალდებებზე და არც რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხი. ორმხრივი კომუნიკაციის შემთხვევაში მასალა განახლდება.