მბაპეს ჰეთ-თრიკი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ბარსამ" კლასიკო ზედიზედ მეხუთედ მოიგო

22 hours ago 6

ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი დაპირისპირება – "ელ კლასიკო" შედგა.

"მონჟუიკზე" გულშემატკივარი უდიდესი დრამატურგიისა და ემოციის მოწმე გახდა – "ბარსელონამ" "რეალი" 4:3 დაამარცხა.

"ბლანკოსი" პირველი 15 წუთის შემდეგ 2:0-ს იგებდა. ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა: ჯერ მე-5 წუთზე პენალტით, შემდეგ კი მე-14 წუთზე ვინისიუსის საგოლე გადაცემა გამოიყენა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა.

თუმცა, კატალონიელებმა სწრაფად იპოვეს საკუთარი თამაში და პირველი ტაიმის ბოლომდე სხვაობა არა მხოლოდ გააბათილეს, არამედ ორი ბურთითაც დაწინაურდნენ. მე-19 წუთზე ერიკ გარსიამ ანგარიში შეამცირა, 32-ე წუთზე ლამინ იამალმა შეხვედრა გაათანაბრა, ხოლო 34-ე და 45-ე წუთებზე რაფინიამ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა და ტაიმის შედეგი 4:2 დააფიქსირა.

მეორე ნახევარში თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. საგოლე მომენტები ორივე კართან არაერთხელ შეიქმნა, თუმცა ბურთი კარში მხოლოდ ერთხელ შეაბოლა – 70-ე წუთზე მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში – 4:3 დააფიქსირა. დარჩენილ დროში „რეალმა“ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

261-ე ოფიციალურ კლასიკოში "ბარსელონამ" 104-ე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო "რეალს" ერთი გამარჯვებით მეტი – 105 დარჩა. ფრედ 52 მატჩი დასრულებულა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კატალონიელებს უკვე 7 ქულიანი უპირატესობა აქვთ და მომდევნო ტურში "ესპანიოლთან" გამარჯვებით ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებენ.

სრულად წაკითხვა