„სარკე“
ჩემი ოჯახი დაინგრა. ამას ვამბობ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. ყველა ცდილობს, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანონ. საქმე ის არის, რომ მე ემიგრანტის ცოლი ვარ. ჩემი ქმარი ჯერ უკრაინაში წავიდა სამუშაოდ, მერე იქ რომ ომი დაიწყო, პოლონეთში გადავიდა. იქიდან ფულს აგზავნის, მეც მელაპარაკება, შვილებსაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქალზეა დაქორწინებული.
უკრაინაში სანამ იყო, მგონია, რომ იქ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა. რამდენჯერმე ლაპარაკის დროს ქალის ხმა გავიგონე. როცა ვკითხე, უარყო, მოგეჩვენაო. ერთხელ სოციალურ ქსელში ამომივარდა ჩემი ქმრის და ვიღაც ქალის ფოტო და პანიკა რომ ავტეხე, მითხრა, უკრაინელი ძმაკაცის ცოლიაო. ვისაც ჰქონდა დადებული, იმ ქალის გვერდზე ვეღარ შევედი, რადგან გაუქმებული ჰქონდა.
ვეუბნები, რომ ან ჩამოვიდეს, ან მეც წამიყვანოს, მაგრამ ვითომ არ ესმის, მეუბნება, რომ ჩვენს ბიჭებს უნდა მივხედო. ჩემი დედამთილი და მამამთილი საეჭვოდ ჩურჩულებენ. ასე მგონია, რომ იმ ქალთან შვილიც ჰყავს და დედამთილ-მამამთილი იმ ბავშვსაც იცნობენ. შეთქმულებივით უცებ იტყვიან, წავედითო და ჩემს მულთან მიდიან. ეჭვი მაქვს, რომ სწორედ იქ მართავენ ოჯახურ შეკრებას და ვიდეოთვალით ჩემს ქმარს და მის ახალ ოჯახს ელაპარაკებიან.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, მულის ქმარია. რამეს რომ ვეკითხები, არც იმას მეუბნება, რომ მეჩვენება რაღაც, არც იმას, რომ სიმართლეს ვამბობ. ვხვდები, რომ კაცმა აღარ იცის, რა ქნას.
რამდენიმე დღის წინ ქმარს წერილი მივწერე, რომ ჩვენი ოჯახი დაინგრა და უნდა წავიდე. მომწერა, ნუ ბოდავ რაღაცას, ბავშვები არ დაანერვოზო, თორემ ამას არასოდეს გაპატიებო. მის მშობლებსაც გამოვუცხადე, რომ ოჯახი დაგვენგრა და იქ გაჩერებას აღარ ვაპირებ, მაგრამ მათაც იგივე მითხრეს. დედამთილმა უკვე ათასჯერ მოსმენილი ამბავი მომიყვა, რომ მისი ქმარი როცა დაიჭირეს და რამდენიმე წლით ციხეში ჩასვეს, მას როგორ უერთგულა, ოჯახი როგორ არ დაუნგრია და გაზრდილი შვილები დაახვედრა.
ჩემი და მისი ამბავი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი მამამთილი ციხეში იჯდა, სხვაგან კი არ იწყობდა ბუდეს! დედამთილმა ისიც კი მითხრა, მართალიც რომ იყოს ის, რასაც შენ ამბობ, რა გენაღვლება და რატომ წუწუნებ, ქმარი არ გეყრება, ადრე თუ გვიან, ისევ შენთან დაბრუნდებაო. მე, ახალგაზრდა ქალს, არ მინდა წლების მერე ასე დაბრუნებული ქმარი! იმიტომ არ გავთხოვილვარ, რომ დედამთილის და მამამთილის ტრფიალისთვის მეყურებინა, მე ქმარი მინდა გვერდით მყავდეს!
ქმრის ფულს საკუთარი თავისთვის არ ვხარჯავ და ვერ დამამადლის, გარჩენდიო. ჩემი საქმე მაქვს, ჩემი შემოსავალი და მისი არაფერი მჭირდება. თავის შვილებს თუ არ მისცემს ფულს, არც ეს არის პრობლემა, საქმეს დავიმატებ და შვილებს არაფერს მოვაკლებ.
ვიცი, ჩემი მშობლებიც გამიბრაზდებიან, მაგრამ მე სხვანაირად ცხოვრება აღარ შემიძლია. დედამ მითხრა, უცხოეთში თუ ვიღაც უცხოელ ქალთან გაივლის, მერე რა, ამით შენ რა გიშავდებაო. რას ჰქვია, არაფერი მიშავდება?! რა მნიშვნელობა აქვს, ის ქალი უკრაინელია თუ ამერიკელია?! ფაქტია, რომ მასთან თავს კარგად გრძნობს და აქეთ გამოხედვა აღარ უნდა.
ქმრის და ოჯახის წევრების ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელია და ამის ატანას არ ვაპირებ!
„სარკის“ მკითხველი