მეამბოხე მწერლის ლიტერატურული ამბოხი

2 months ago 45

„კაცივით კარგად წერ“- ეს შეფასება კაცი კოლეგებისგან პირველივე რომანის გამოსვლის შემდეგ დაიმსახურა. თავის წიგნებში ეკლიანი, მძაფრი და სასტიკია. ცხოვრებაში მეამბოხე, ექსტრემალი და ემპათიური.

„ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი არბიტრი მკითხველია. მწერლისთვის ჯილდოც და სასჯელიც მკითხველია. ამიტომ ჩემი ახალი წიგნი- „მეამბოხე“, სწორედ, მის უდიდებულესობას- მკითხველს ეძღვნება.“- ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

მე კი, როგორც მისი ერთ-ერთი მკითხველი, გეტყვით, რომ საყვარელ მწერალთან წიგნებზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე და ბედნიერებაზე საუბარი, მაინც სხვა ვნება და სიამოვნებაა. 🙂

-თეონა, მოდი, ინტერვიუ შენი მკითხველებისთვის სასიამოვნო სიახლით დავიწყოთ, აპრილში გამოდის შენი რიგით მერვე წიგნი. რა ჰქვია წიგნს, რა ჟანრია და რითი გამოირჩევა შენი წინა ტექსტებისგან?

-წიგნს ჰქვია „მეამბოხე“ და არის დისტოპიური რომანი. მოქმედება ხდება თანამედროვე საქართველოში. მთავარი გმირი მწერალი ქალია. ეს არ არის ავტობიოგრაფიული ტექსტი, მაგრამ ჩემს პირად და ყველა იმ ქალის გამოცდილებას ეყრდნობა, ვისაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ. მთავარი თემაა სიტყვის ალქიმია, წიგნებით რევოლუცია, წიგნებით ლიტერატურული ამბოხი. შეუძლია თუ არა ლიტერატურას გადატრიალება მოახდინოს. შეუძლია თუ არა წიგნებს სამყაროს, ადამიანის აზროვნების, ფსიქიკის და ცხოვრების შეცვლა. გმირის ცხოვრება იწყება ბავშვობის ხანიდან და ასე, გზად მიღებული სხვადასხვა გამოცდილებებით, თანდათან მეამბოხედ იქცევა. ამ წიგნში გამოძახილს ჰპოვებს ყველა ის სოციალური თემა, როგორიცაა: პრობლემები, ტკივილები, ეკონომიკური და ოჯახური ძალადობა, შემოქმედებითი კრიზისი, რადგან უმეტესად ქალ შემოქმედს სერიოზულად არ აღიქვამენ. მოკლედ, ვნახოთ, როგორ მიიღებს ჩემს ორ წლიან ნამუშევარს ქართველი მკითხველი.

-ამ წიგნის დასრულების შესაძლებლობა შენ პორტუგალიის არტ რეზიდენციაში მოგეცა, სადაც კონკურსში გამარჯვების შედეგად წახვედი. რა ტიპის კონკურსი იყო ეს? მოგვიყევი მოკლედ შენს პორტუგალიურ ერთ თვეზე.

-საკმაოდ რთულ კონკურსში გავიმარჯვე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი განაცხადი შედის. პირველ ეტაპზე აგზავნი შენს ბიოგრაფიას, შენს შემოქმედებით გამოცდილებას და პროექტის აღწერილობას- წიგნის სინოპსისს, რაზეც მუშაობ. ამ საბუთების გადარჩევის შემდეგ, ონლაინ გასაუბრებები ხდება. ორივე ეტაპი წარმატებით გავიარე. ქალაქი ევორა, სადაც არტ რეზიდენცია მდებარეობს, ძალიან საინტერესო პატარა ქალაქია. რეზიდენციაში მხოლოდ მწერლები არ ვიყავით, იქ იყვნენ მხატვრები, დიზაინერები, სცენარისტები… ყველაზე საინტერესო პროცესი, რაც მე სხვა რეზიდენციებში არ მინახავს, იყო საკუთარი ნაშრომის მუდმივი გაზიარება. ყოველ კვირას გვქონდა კოლაბორაციები, გამოფენები და შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. გავეცანით იქაურ კულტურას. პორტუგალიელები ქართველებს ბევრი რამით ჰგვანან. გარდა იმისა, რომ სამხრეთია და სითბოთი გამოირჩევა, კარგი ღვინო აქვთ და კარგი ჭამა-სმაც უყვართ. ბევრი სხვა გადაკვეთის წერტილიც ვნახე. იქვე იყო პატარა ქალაქი ობიდუსი, რომელიც მცხეთას ჰგავს, იმ მხრივ რომ გალავნის შიგნით განვითარებული ქალაქია კულტურული ცენტრია, სადაც ყოველი წლის ოქტომბერში დიდი ლიტერატურული ფესტივალი იმართება, უკვე დაპატიჟებული ვარ და არსებობს სურვილი იმისა, რომ ჩემი წიგნი ითარგმნოს და გამოიცეს პორტუგალიურ ენაზე.

-შენს ახალ წიგნს „მეამბოხე“ ჰქვია, შენ თვითონ რამდენად მეამბოხე ხარ?

-რა თქმა უნდა, მეამბოხე ვარ. ამბოხი მხოლოდ რევოლუციის და გადატრიალების სურვილს არ ნიშნავს. მეამბოხეობაა განსხვავებული აზრი რომ გაქვს, კომფორტის ზონას რომ ტოვებ, უმცირესობაში რომ აღმოჩნდები. ცვლილებების სურვილიც მეამბოხეობაა და ზოგადად არა მხოლოდ დაწესებული წესრიგის და რეჟიმის წონააღმდეგ წასვლა, არამეს პირველ რიგში, შენს შიგნით არსებული და ჩაკირული კლიშეების და კომპლექსების, შენი სტაგნირებული მეს წინააღმდეგ ამბოხი. მეამბოხე ვარ ყველა გაგებით, პოლიტიკურადაც, ყოველთვის ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. იდეურადაც, რადგან სულ მინდა რაღაც შევცვალო თუნდაც ჩემს სფეროში, იმის მოდერნიზება მოვითხოვო, რაც უკვე მოძველდა და ეფექტურად აღარ მუშაობს. ამბოხი ჩემი უფლებაა და ალბათ მოთხოვნილებაც, რადგან მიმაჩნია რომ ამის გარეშე განვითარება, პროგრესი და წინსვლა არ არსებობს, რა თქმა უნდა, თუკი ეს ამბოხი თვითმიზნური, გაუაზრებელი და დამანგრეველი არ არის.

-მკითხველებს ყოველთვის აინტერესებთ რა ხდება გარესამყაროსგან გამოჯახუნებულ კარებს მიღმა, როდესაც მათი საყვარელი მწერალი წიგნზე სამუშაოდ ჯდება.

-საქართველოში ძალიან ძნელია ყოველდღიური რუტინიდან გასვლა, კონცენტრირება და დროის გამონახვა წერისთვის. ოჯახის, სამსახურის, იგივე სოციალური ქსელებისა, თუ მთელი პოლიტიკური აურზაურის ფონზე, რთულია ტექსტთან განმარტოება, ამიტომ დიდხანს გვიგრძელდება ხოლმე წერის პროცესი. ამ თვალსაზრისით, სამწერლო რეზიდენციები დიდი ფუფუნებაა, მოწყვეტილი ხარ შენს ყოველდღიურ გარემოს, სადაც ნამდვილად ახერხებ სრულად ჩაკეტვას და კარის გამოჯახუნებას. მე არ ველოდები მუზის მოსვლას, ან რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას, იმისთვის რომ სამუშაოდ დავჯდე. მუზა შეიძლება იყოს ყოველდღიურ შრომაში გაჩენილი ნაპერწკალი. შრომაში აუცილებლად ჩნდება ის მუხტი და იდეა, რაც ჩაგითრევს, გხდის შეპყრობილს და ტექსტს გაქმნევინებს. როდესაც კარგად მიდის წერის პროცესი, კარგად ლაგდება ფრაზა, სწორად იქმნება პერსონაჟი, ამბავი არის საინტერესო და დამაჯერებელი, აი სწორედ მაგ დროს გრძნობ შენს ყურთან მუზის ფრთების ფრთხიალს. ძირითადად ღამით ვწერ ხოლმე, სიჩუმეში, ფინჯანი ყავის თანხლებით.

-მარჯვენა ხელის მაჯაზე სვირინგი გაქვს – „Nulla dies sine line” (“არცერთი დღე უსტრიქონოდ“). რამდენად ახერხებ, ან ცდილობ მაინც ამ პროგრამა-წესის ყოველდღიურად შესრულებას?

-ეს გახლავთ ლათინური ფრაზა, რომელსაც უფრო მეტი მოტივაციისთვის ვიყენებ, მაგრამ ცხოვრებისეული რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ძალიან ძნელია ამ წესის შესრულება. თუმცა როცა ხელზე დავიხედები, ეს დევიზი ერთგვარად მახსენებს, რომ ჩემი მთავარი საქმე ახლა არის წერა და თავს შემოვძახებ ხოლმე, აბა, თეონა საქმეს შეუდექი.

-„ქალს ადგილი ყველგან უნდა დაუთმო, გარდა ლიტერატურისა“. რას გვეტყვი თამაზ ჭილაძის ამ ფრაზაზე?

-ქალს ყველგან უნდა დაუთმო ადგილი, კოსმონავტობაშიც კი, ოღონდ ლიტერატურას არ მივაკაროთო?! როგორი სექსისტური გამონათქვამია. ძალიან არ მომწონს და არ მიმაჩნია სწორად. ქალებს არ გვჭირდება ადგილის დათმობა, ქალებმა თვითონ მოიპოვეს ეს ადგილი. კლიშეები ყოველთვის არსებობდა. ბევრისთვის კაცი მწერლის ტექსტებს დღემდე მეტი წონა, სერიოზულობა და დაფასება აქვს. ქალს ყოველთვის მეტი შრომა გიწევს, იმის დასამტკიცებლად რომ კაცზე ნაკლებად არ წერ. და მაინც, არავინ არავის არაფერს უთმობს, ყველამ თვითონ უნდა მოიპოვოს თავისი ადგილი მზისქვეშეთში.

-როცა კაცი კოლეგები გეუბნებიან- „კაცივით კარგად წერ“, ეს შენთვის ქათინაურია თუ დამაკნინებელი?

-როდესაც ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა და წარმატებები მომიტანა, კაცი კოლეგებისგან იყო მსგავსი ქათინაურები. ოღონდ ეს მათი გულწრფელი ქება იყო, მიაჩნდათ, რომ ძალიან დიდ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ. მე ამ შეფასებას ქათინაურად არ აღვიქვამ, რადგან მწერლების სქესის მიხედვით დაყოფა არ არის მართალი და მოსაწონი. სამწუხაროდ, ისევ შემორჩენილია ტერმინები- ქალი მწერალი, ქალების ლიტერატურა, ქალების საკითხავი. თუმცა უკვე კარგად ვხვდებით იმას, რომ ეს ცუდი ტონია, ეს არის სექსიზმი და დისკრიმინაცია. მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ქალის ტექსტი უფრო რეალისტური, სასტიკი და მწვავეა.

-რითია გამორჩეული მწერლის ცხოვრება სხვა პროფესიის ადამიანის ცხოვრებისგან?

-ბავშვობაში ვოცნებობდი, რა საინტერესო იქნება მწერალი რომ ვიყო მეთქი. შემდეგ, როცა წერა დავიწყე და წიგნები გამოვუშვი, მქონდა განცდა რომ რაღაც განსხვავებულ და განსაკუთრებულ სიმაღლეზე ავაბიჯე. ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი პროფესიაა, სხვა პროფესიებისგან არაფრით გამორჩეული. თუ თანამედროვე ბიზნესის ენით ვიტყვი, მწერალი არის ბრენდი, თუკი გაბრენდებას მოახერხებს. ყოველი ახალი პროექტი, ახალი წიგნი არის ამ ბრენდის პროდუქტი, რომელიც ერთგვარ მარკეტინგულ შეფუთვას თუ რეკლამას, საჭიროებს, რაც დღეს თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ძალიან კარგი მწერლის ძალიან კარგი ტექსტი სადღაც მიიკარგოს და ამ დროს, ძალიან საშუალო ტექსტი ისე გაპიარდეს და ისე აიტაცოს მკითხველმა, რომ ამას საერთოდ არ იმსახურებდეს.

-ყველაზე დიდი ჯილდო და მოტივაცია რა არის მწერლისთვის?

-მისი უდიდებულესობა- მკითხველი არის ყველაზე დიდი ჯილდო. მკითხველი არის ყველაზე მაგარი ბარომეტრი. აღიარება, პრემია, ჯილდო, თარგმანი, უცხოური გამოცემა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია მწერლისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს ინბოქსში მოწერილი უცნობი მკითხველის შეფასებები გადაწონის. კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც მკითხველი მხოლოდ ქება-დიდებით არ შემოიფარგლება, არამედ შენიშვნას გაძლევს და განსჯაში შემოდის შენთან. მილორად პავიჩის ამ ფრაზას ხშირად ვიმეორებ, რომ ამქვეყნად კარგი მკითხველი უფრო ცოტაა, ვიდრე კარგი მწერალი. რომ არა მკითხველი, არც ლიტერატურა იარსებებდა. ჯილდოც და სასჯელიც მწერლისთვის მკითხველია. მისი შეფასება, მისი აზრი და არა რომელიმე კომპეტენტური, თუ არაკომპეტენტური, სუბიექტური, თუ ობიექტური ჟიურის.

-როგორ ფიქრობ, წიგნის ქურდი ქურდია? თავად თუ მოგიპარავს წიგნი?

-საერთოდ ითვლება რომ არ არის წიგნის ქურდი ქურდი. წიგნის ფლობა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნივთის, დიდი ვნებაა. უნდა ვაღიარო რომ ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან წამომიღია წიგნი და უკან არ დამიბრუნებია, რაც იგივე მოპარვას ნიშნავს. ძალიან ბევრი წიგნი გამინათხოვრებია და არ დაუბრუნებიათ, განათხოვრების პროცესში, უკვე ვიცი რომ ეს წიგნი დაკარგულია. ამგვარად, წიგნის და ცოდნის ქურდი არ არსებობს. იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ეს ნივთი ბიბლიოგრაფიული ეგზემპლიარი არ არის, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს და ძალიან ძვირადღირებულია. წიგნი უნდა იყოს გაზიარებადი ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ისე, როგორც ზოგიერთ ქვეყანაშია, პატარა ყუთებში სადგურებზე წიგნები, აიღებ, ერთი სადგურიდან მეორე სადგურამდე წაიკითხავ და ისევ დადებ. ასე უნდა იყოს ყველგან.

-ერთ-ერთი პროფესიით რეჟისორი ხარ, საინტერესოა, შენს რომელ წიგნს აქცევდი ფილმად?

-ეს არის „ფიდაი“, რომელზეც დაიწერა სცენარი და ფილმიც უნდა გადაღებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც პრობლემების გამო არ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ ამ მოთხრობისგან ნამდვილად საინტერესო ფილმი შეიკვრება. ეს მოთხრობა რომ გამოვიდა კარგა ხანს ფიდაის მეძახდნენ. წლების წინ, ჩემი რომანის „რეალური არსებების“ სცენარი კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ფილმი რეჟისორმა ვახო ჯაჯანიძემ გადაიღო, ახლა პოსტ ფროდაქშენის პროცესშია და წესით მალე უნდა გამოვიდეს. ჩემი აზრით, ასევე საინტერესო იქნება, ბოლო წიგნის „მეამბოხეს“ ფილმად ქცევაც. ჩემთვის ტექსტი გამომსახველობით ფორმას ატარებს, წერის დროს სულ კინოკადრებად ვხედავ.

-სად არის რეალურად ბედნიერება და ჩვენ სად ვეძებთ მას?

-ძალიან მიყვარს მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. ბედნიერება ზუსტად ის ლურჯი ფრინველია, რომელსაც დაიჭერ და შეიძლება ის სულაც არ იყოს ლურჯი, ან ხელში ჩაგაკვდეს. ბედნიერება, რომელიც ყოველდღიურობაში გადადის, მერე მისი დაფასებაც არ ხდება და მუდმივად მის ძიებაში ხარ. ამიტომ მე ასე ვიტყოდი: ბედნიერება არის შენი შვილების სიცილში, მზიან დღეში, ზღვაში შესვლაში, დილას გემრიელი ყავის დალევაში, საყვარელ ადამიანთან შეხვედრაში, თუნდაც პრობლემების გადალახვაშიც. ყველა ამ დეტალში. ბედნიერება სიცოცხლეში და მის ყოველდღიურობაშია. როდესაც სიცოცხლე გიყვარს და გრძნობ, ეს არის ის ლურჯი ფრინველი, რომელიც მუდმივად სადღაც ჩამოგიფრენს და ლოყაზე ფრთას შეგახებს.

-სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის?

-რთული კითხვაა. არ მგონია, რომ სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდიოდეს. არც ამ ლექსის ავტორთან მისულა სიყვარული მხოლოდ ერთხელ. საერთოდ, ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ფაზები, ეტაპები აქვს. ბავშვობის სიყვარული სხვანაირია, და სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი. საერთოდ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანებიც საეტაპო და საკულტო წიგნებივით სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპზე და ყველაზე საჭირო და გარდამტეხ დროს შემოგხვდებიან. ის ვინც შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება, შენი მსოფლმხედველობა, შენი სამყარო უკეთესობისკენ, ან დიდი და საჭირო ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძინოს, და ეს არის კიდეც სიყვარულისთვის მიზეზი, ისე კი, სიყვარული იმდენად რთული, იმდენად მრავალმხრივი, იმდენად იშვიათი და საკრალური განცდაა, რომ ის რეალურად შეიძლება მართლაც მხოლოდ ერთხელ მოდიოდეს და ჩვენ ვერ ვხვდებოდეთ, შენი სოულმეითი მხოლოდ ერთია და იქნებ ჩვენ მხოლოდ მის ანარეკლს და ასლს ვხვდებით და ორიგინალი გვგონია?! ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არის არაც და კიც, სიყვარულის სიმულაკრი რამდენიმეა, მაგრამ ორიგინალი და ნამდვილი – მხოლოდ ერთი და თუ ამ ერთს სასახლე ანუ ღია და მდიდარი გული ხვდება მოდის, თუ არადა – ველოდოთ მხოლოდ მის ასლებს.

-ძლიერი ქალის სისუსტედ რა მიგაჩნია?

-ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები, ქალსაც და კაცსაც. შეიძლება სიყვარულიც იყოს სისუსტე. ჩემი სისუსტე სიზარმაცეა. ემოციის ჩვენება არ არის სისუსტე, თუმცა მნიშვნელობა ნამდვილად აქვს რა დროს რა ემოციას აჩვენებ. ჩვენი ემოციური ინტელექტი სწორედ იმაშია, რომ არ დაბლოკო ის ემოცია, რომელიც უადგილოა და გასცე ის ემოცია, რომელიც დადებითია, გადამდებია და მშვენიერი. როცა ამ ემოციების სწორად გამოხატვა, გაზიარება და მართვა შეგიძლია, უკვე ძლიერი ხარ.

-შენი დაფარული ნიჭი, რაც საზოგადოებამ არ იცის.

-პირველ ადგილზე ხატვას დავასახელებ. არ ვიცი ეს რამდენად ნიჭია, მაგრამ ძალიან ემპათიური შემიძლია ვიყო და ერთგვარი ფსიქოლოგიური სამსახური გავუწიო ამისი საჭიროების მქონე ადამიანს. ასევე, საკმაოდ ექსტრემალური ვარ, დიდ ექსტრემალურ თავგადასავლებში გახვევის ნიჭი მაქვს. ეს იქნება საღაციდან გადმოხტომა, გადაფრენა, რაღაც ხიფათში თავის გაყოფა და ა.შ. ეს მოთხოვნილება სიცოცხლის მძაფრად შეგრძნებას ემსახურება, საფრთხის შემდეგ მისი ღირებულება უფრო რომ დავაფასო.

-რას კითხავდი საკუთარ თავს?

-კრიტიკული ვიქნები საკუთარი თავის მიმართ და ვკითხავ, რატომ ხარჯავ ამდენ დროს ტყუილად და რატომ გაქვს არაფრით დასამახსოვრებელი დღეები?! ძალიან ძნელია ადამიანმა ისე იცხოვრო, რომ ყველა დღე რაღაცით აღნიშნო, მაგრამ თუნდაც კარგი ფილმის ნახვა, ან წიგნის წაკითხვა, უკვე განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ მოვლენებს ქმნის, რაც შენ განვითარებს და ახალ ეტაპზე გადაყავხარ. ამ ბოლო დროს, რაც წლები მემატება, საკუთარი დროის მენეჯმენტს მკაცრად ვუდგები, კარგი იქნებოდა დროს, რომელიც ხშირად ფუჭად მიდის, ჩემს საყვარელ საქმეს რომ ვუთმობდე, მეტი დავწერო და როგორც მწერალმა, მეტი შევქმნა.

–თეონა, როგორია ცხოვრება ორმოცი წლის შემდეგ? რა ასაკია ქალისთვის ეს, რისი გაცნობიერება და გადაფასება ხდება? მაგალითად, კარლ გუსტავ იუნგი ამბობს, რომ ცხოვრება რეალურად ორმოცი წლის ასაკში იწყება და რომ მანამდე ჩვენ უბრალოდ კვლევას ვატარებთ.

-ვეთანხმები იუნგს, ოცდათხუთმეტ წლამდე ასაკი არის სწავლის, შეცნობის, გააზრების, კვლევის, ამის შემდეგ უკვე იმ ყველაფრით ტკბობას იწყებ, რაც შექმენი და უფრო თვითკმარიც ხდები. მეტად საინტერესო და საუკეთესო ეტაპია. 40 + ასაკში ჯერ კიდევ ლამაზი და ახალგაზრდა ხარ. გაქვს დიდი გამოცდილება, ყალბი ბრჭყვიალი არ გჭრის თვალს, ძალიან კარგად ფილტრავ რა არის შენთვის საჭირო, საინტერესო, უკვე ჩამოყალიბებული ხარ და დროს ფუჭი რაღაცების ძიებაში არ კარგავ. ცხოვრება ძალიან მაგარია ორმოცი, ორმოცდაათი და სამოცი წლის მერეც. სადამდეც დააბიჯებ და სუნთქავ, გზადაგზა სულ საინტერესო სხვადასხვა ეტაპებია. მთავარია ახალგაზრდული სული, ენერგია, სიცოცხლის ხალისი და გულის ფეთქვა შეინარჩუნო. რაც შეეხება გარეგნობას, დღეს თანამედროვე კოსმეტიკის და მედიცინის წყალობით ბევრი რამის შეცვლა და შეჩერებაა შესაძლებელი.

-როგორც ამბობენ, ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ეს შენი ცხოვრების ბოლო დღეა. როგორ წარმოგიდგენია შენი ასეთი დღე. რის მოსწრებას ისწრაფვოდი?

-ძალიან ცუდია, როცა იცი რომ ეს შენი ცხოვრების ბოლო დღეა. ალბათ, ვეცდებოდი, ისეთი მოკლე ტექსტი დამეწერა, სადაც მაქსიმალურად ყველაფერს ჩავატევდი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გულიდან მოდის და რაც ჯერ კიდევ დამრჩა სათქმელი. თუკი რამეზე წერტილია დასასმელი აუცილებლად დავუსვამდი. აი, როგორც მწერალს, სიცოცხლის ბოლო დღეს, წერის სურვილი მაინც მიღიტინებს. ეს დღე არ იქნებოდა მხოლოდ რაღაცის დაწერისთვის. ეს დღე იქნებოდა მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ზღვაში ცურვისთვის, გემრიელობების მირთმევისთვის, ცეკვისთვის, ლოცვისთვის, სიყვარულისთვის და ყველა იმ ცხოვრებისეული სიამის შეგრძნებისთვის, რაც ამ სამყარომ და ღმერთმა ჩვენ, ადამიანებს გვარგუნა.

ავტორი: ნინო გონგაძე

The post მეამბოხე მწერლის ლიტერატურული ამბოხი appeared first on ჟოლო.

სრულად წაკითხვა