მედვევი სომხეთს: “რუსეთთან კავშირების გაწყვეტა მძიმე შედეგებს გამოიწვევს”

2 hours ago 3

მოსკოვი-ერევანის პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირების გაწყვეტა სომხეთის რიგითი მოქალაქეებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მედვედევის თქმით, დასავლეთი სომხეთს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად განიხილავს და დაინტერესებულია იმ პოლიტიკური ძალების ჩამოშორებით, რომლებიც მოსკოვსა და ერევანს შორის „ჯანსაღი ურთიერთობების“ შენარჩუნებას ემხრობიან.

„რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირების გაწყვეტის შედეგად სომხეთის რიგითი მოქალაქეებისთვის გარდაუვალი მძიმე შედეგები ევროკავშირის ქვეყნებს საერთოდ არ აინტერესებთ“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი შეფასებით, სომხეთის მოქმედმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.

„სამწუხაროა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური ამბიციები მის მიერ მართული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“, – თქვა მან.

მედვედევის შეფასებით, დასავლეთის გავლენის ქვეშ მოქცეული სომხეთისთვის ამ გავლენისგან გათავისუფლება „უკიდურესად რთული“ იქნება.

„ასეთი დიქტატისგან გათავისუფლება სომხეთისთვის უკიდურესად რთული იქნება“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევის განცხადებითვე, დასავლეთი სომხეთის საარჩევნო პროცესში „უპრეცედენტოდ ჩაერია“ და ქვეყნის სახელმწიფო აპარატი „ხელით სამართავ რეჟიმში“ გადაიყვანა.

„დასავლეთის ჩარევა სომხეთის საარჩევნო კამპანიაში უპრეცედენტო იყო. მათი საყვარელი ნეოკოლონიური პრაქტიკის შესაბამისად, მათ ფაქტობრივად სახელმწიფო აპარატი ხელით მართვის რეჟიმში გადაიყვანეს“, – თქვა მან.

მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ერევნის ხელისუფლების რეალურ განზრახვებს მათი პრაქტიკული ნაბიჯების მიხედვით შეაფასებს.

„ჩვენი ქვეყანა სომხეთის ხელისუფლების ნამდვილ განზრახვებზე დასკვნებს მათი რეალური ქმედებების მიხედვით გააკეთებს“, – აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით დააკვირდება სომხეთში მიმდინარე პროცესებს და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება გაითვალისწინებს იმ ამომრჩეველთა პოზიციას, რომლებმაც არჩევნებში განსხვავებული არჩევანი გააკეთეს.

„ჩვენ კვლავაც დავაკვირდებით ვითარების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ მოუსმენს იმ ალტერნატიულ აზრს, რომელიც საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გამოხატა. მით უფრო, რომ თავად ამ პარტიის წარმომადგენლებიც საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“.

მედვედევმა ასევე გააკრიტიკა სომხეთის ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციური პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მიმართ. მისი თქმით, რუსეთისთვის “მოძმე სომხეთში“ მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები გულგრილად დასაკვირვებელი არ არის.

„რამდენიმე დღის წინ სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეროვნული კრების დეპუტატობის კანდიდატის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებლისა და ლიდერის, გაგიკ წარუკიანის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. ამ ნაბიჯს ჩვენ ხელისუფლებისთვის არასასურველი ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღად მივიჩნევთ“.

სრულად წაკითხვა