მედია აშშ-ის და რუსეთის სამხედრო შტაბების მეთაურთა სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება

2 weeks ago 5

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ ჩარლზ ბრაუნს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC და გამოცემა New York Times-ი იუწყებიან პენტაგონში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

ABC-ს ინფორმაციით, გერასიმოვმა ბრაუნს 27 ნოემბერს დაურეკა და გააფრთხილა, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო გემებიდან იგეგმებოდა ზებგერითი რაკეტების გამოცდა და ამერიკულ გემებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლა შესთავაზა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მსგავსი გამოცდა ჩატარდა.

როგორც New York Times-ი წერს, ამ „საკმაოდ უჩვეულო“ სატელეფონო საუბრისას გერასიმოვმა და ბრაუნმა განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი, მათ შორის კონფლიქტი უკრაინაში.

აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის პრესმდივანმა ჯერილ დორსიმ სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა. მისი ინფორმაციით, გენერალი ბრაუნი დასთანხმდა გენერალ გერასიმოვის თხოვნას საუბრის შინაარსი თავისი ინიციატივით არ გაესაჯაროებინა. მოსკოვს ამ საუბრის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

New York Times-ის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას რუსმა გენერალმა ამერიკელ გენერალს ისიც უთხრა, რომ ახალი რუსული რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოცდა დაგეგმილი იყო იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მისცემდა შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული რაკეტებით ATACMS რუსეთის ტერიტორიაზე დარტმის უფლებას

21 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის თანახმად, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.

სრულად წაკითხვა