WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბის შეჭრიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდში დაღუპულია რუსეთის სულ მცირე 490 ათასი სამხედრო. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც შეისწავლეს "როსსტატიდან" გაჟონილი ინფორმაცია. იმ დაღუპულების ჩათვლით, რომლებიც ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან, "მედუზა" და "მედიაზონა" ასკვნიან, რომ 2026 წლის შემოდგომისთვის რუსეთის დანაკარგი შეადგენს სულ მცირე 720 ათას ადამიანს.

ჟურნალისტებს არქივი გადასცეს "ბელარუსის კიბერპარტიზანების" და Silent Crow-ის ჰაკერულმა ჯგუფებმა. "როსსტატის" მონაცემების გატეხვის შესახებ მათ 1 ნოემბერს გამოაცხადეს.

მასალების სინამდვილე ჟურნალისტებმა შეამოწმეს სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრით, სასამართლო გადაწყვეტილებებით, "როსსტატის" ღია სტატისტიკით და სხვა მონაცემებით.

რუსეთის მხარეს დაღუპულებს შორის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს სულ მცირე ექვსი ათასი უცხოელი, მათ შორის უკრაინის პასპორტების მფლობელები. ჟურნალისტებმა ცალკე შეისწავლეს სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილის შემთხვევები მიზეზებით, რომლებიც ომს არ უკავშირდება. 2500-მდე ადამიანია დაღუპული ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების, ან თვითმკვლელობის შედეგად.

"როსსტატიდან" გაჟონილ მასალებზე ასევე მუშაობდნენ ბიბისის რუსული სამსახური, "ნოვაია გაზეტა ევროპა", "პროექტი", ცენტრი "დოსიე" და მედიასაშუალება "ვოტ ტაკ".