რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოეპრაცია იყო. ამის შესახებ BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუცხადა წყარომ უკრაინის სპეცსამსახურებში.
მისი ინფორმაციით, დანაღმული სკუტერი იმ დროს აფეთქდა, როცა რუსი გენერალი თანაშემწესთან ერთად მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე სახლის სადარბაზოში შედიოდა. წყაროს თანახმად, კირილოვი, როგორც სამხედრო დამნაშავე კანონიერი სამიზნე იყო, რადგან უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებებს გასცემდა.
მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან აფეთქება დღეს, 17 დეკემბერს დილით მოხდა. დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სადარბაზოსთან, სკუტერში იყო დამონტაჟებული.
სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღოძრა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს და მისი სიმძლავრე დაახლოებით 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო.
იგორ კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გენერალმა კირილოვმა მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ კიევს კავშირი აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან.
გენერალი კირილოვი სანქცირებული იყო უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
მოსკოვში მომხდარ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, 16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგორ კირილოვი ეჭვმიტანილად გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებების გაცემის გამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაფიქსირებულია ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენების 4,8 ათასი შემთხვევა.
გენერალი კირილოვი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თბილისში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასაც ბრალს სდებდა საშიში დაავადებების გავრცელებაში.