რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის სულ მცირე 1305-მა ყოფილმა მონაწილემ თანამდებობები მიიღო რუსეთის ხელისუფლების სისტემაში - იუწყება გამოცემა "მედუზა".
საქმე ეხება პირებს, რომლებმაც ან გამარჯვება მოიპოვეს ადგილობრივ ან რეგიონულ არჩევნებში, ან დაინიშნენ თანამდებობებზე ხელისუფლებაში თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რომლებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო. "მედუზა" წერს, რომ საერთო ანგარიშით მათ 1311 თანამდებობა დაიკავეს.
ჟურნალისტებმა მონაცემთა ბაზა შეაგროვეს ღია წყაროებზე დაყრდნობით - კერძოდ, ფედერალური და რეგიონული მედიის მონაცემებით, სახელისუფლო და საარჩევნო უწყებების ვებსაიტებით. იუწყებიან, რომ ეს არის მინიმალური შეფასება, რეალურად გაცილებით მაღალია ომის იმ მონაწილეთა რიცხვი, რომლებმაც ხელისუფლების სისტემაში თანამდებობები მოიპოვეს.
შეკრებილი მონაცემები ცხადყოფს, რომ ამგვარი დანიშვნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - 2023 წელს მათი რიცხვი შეადგენდა მხოლოდ 45-ს, 2024-ში - სულ მცირე 201-ს, 2025 წელს - სულ მცირე 754-ს, ხოლო 2026 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში - არანაკლებ 311-სა.
უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეთა თანამდებობებზე დანიშვნის ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვის ოლქზე მოდის.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·