მერაბ კოკოჩაშვილი: „ჩემი ფილმის პერსონაჟი თამრიკო ჩხეიძეს და მის ამბავს ჰგავს” „ცხელი ზაფხულის სამი დღე" - ფილმი, რომლითაც ქართულ კინოში ახალი ეტაპი დაიწყო

1 month ago 27

 „ჩემი ფილმის პერსონაჟი თამრიკო ჩხეიძეს და მის ამბავს ჰგავს"„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი

საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულმა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმმა “ცხელი ზაფხულის სამი დღე” იმდროინდელი მთავრობა შეაჯანჯღარა და შეაშფოთა. რეჟისორისა და სცენარისტების თამამი ქვეტექსტი აშკარა იყო – პროტესტი იმდროინდელი რეჟიმის მიმართ. ფილმი 42 წლის წინ არის გადაღებული, როცა ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშ იბრძოდა. “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ქართულ კინოში პირველი მაუწყებელი აღმოჩნდა იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ძირგამომპალი იყო და იღვიძებდა ახალი ძალა, რომელიც მას აუცილებლად დაანგრევდა.

ფილმის შინაარსი ასეთია: ცნობილ მეცნიერი, სულხან იბერიელი, უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელია. სულხანს ეხმარება ახალგაზრდა არქეოლოგი, თამრიკო. ისინი ერთად იბრძვიან, რომ სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად ქცეული მონასტრის ტერიტორია განადგურებას გადაურჩეს. გათხრებს მაინც დააკონსერვებენ და მიწას მიაყრიან. ქალაქისკენ მიმავალი სულხანი უდაბნოს მიწაზე ინფარქტით კვდება.

სულხანის როლს კახი კავსაძე ასრულებს, თამრიკოს როლს – ნინელი ჭანკვეტაძე. ასევე მონაწილეობენ – რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ ლითანიშვილი, ერლომ ახვლედიანი, გია ფერაძე, სულიკო ჟღენტი, ციცინო ციციშვილი… დამდგმელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი გახლავთ, სცენარის ავტორები – მერაბ კოკოჩაშვილი, ერლომ ახვლედიანი, დავით ჯავახიშვილი, დამდგმელი ოპერატორი – გიორგი გერსამია.

ფილმის ისტორიას თავად რეჟი-სორი, მერაბ კოკოჩაშვილი, გვიამბობს.

შულავერის განძი

– “ცხელი ზაფხულის სამი დღე” 1981 წელს გადავიღე, სცენარი კი 3 წლით ადრე შეიქმნა. 80-იანი წლები იყო და ეროვნული საკითხები მძაფრად იყო წამოჭრილი. თუ რატომ ავარჩიე ეს თემა, ამაზეც გიამბობთ. ერთ მშვენიერ დღეს ქვემო ქართლში, შულავერის გორაზე მომიწია წასვლა. როგორც იცით, იქ არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულის ნასახლარი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნასახლარი, სადაც ადამიანი გაჩერდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ანუ კი არ მოძრაობდა და ნადირობდა, როგორც მანამდე ხდებოდა, არამედ თავად ქმნიდა იმას, რითიც თავი უნდა ერჩინა. შულავერში ნაპოვნია ბევრი საკულტო ნივთი.

იქაურობის დათვალიერებამ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. გავიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი გამქრალიყო… ნასახლარის ნახვამ ჩემში ისეთი ემოციები გამოიწვია, რომ გონებაში მომავალი ფილმის სცენარი ჩამესახა.

ისე ვერ გადავიღებდი, რომ ეს საკითხი ბოლომდე არ შემესწავლა. ამიტომაც იმ დროის ბევრ ცნობილ მეცნიერს შევხვდი და ამ თემაზე ვესაუბრე. ჩვენი ფილმის კონსულტანტი დავით მუსხელიშვილი იყო. წავედი ცნობილ არქეოლოგ ლალი (ალექსანდრე) ჯავახიშვილთან და მასთანაც გარკვეული კონსულტაციები გავიარე. სწორედ მან ამიხსნა, როცა მიწა იხსნება, მალევე უნდა მოხდეს არქეოლოგიური ნაშთების კონსერვაცია. მიწიდან ამოღებული ისევ მიწაში უნდა დარჩეს. ფილმის სიუჟეტიც ამაზე ავაგე. ჩემი მთავარი გმირი, სულხანი, ვერ ახერხებს, რომ ეს ნასახლარი ცოცხლად დატოვოს, ამიტომაც ისევ მიწას აყრის, თავად კი კვდება.

მთავარ როლებში კახი კავსაძე და ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი განსხვავებული ასაკის მეცნიერის საქციელი. სულხანი უფრო ასაკოვანია, მებრძოლი და ამავდროულად შედარებით შემგუებელი. შეეგუა, რომ მისი სიტყვები ყურად არავინ იღო, თუმცა ამ ამბავზე ნერვიულობას გადაჰყვა. ახალგაზრდა თამრიკოს კი არ სურს არსებულ სიტუაციასთან შეგუება.

ფილმის კულმინაცია არის ის, რომ ის მთელ საქართველოს ლანძღავს, უშნოსა და უჯიშოებს ეძახის. ნასახლარის დახურვაზე მოსულმა ხალხმა კარგად იქეიფა და მერე სახლებში წავიდა. თამრიკომ კი სიცარიელე გალანძღა. მე შევეცადე, ამ საკითხის გარშემო ჩემი ტკივილი გამომეხატა. აგრეთვე ეს იყო შესანიშნავი დრამატურგების, ერლომ ახვლედიანისა და დათო ჯავახიშვილის, ტკივილიც.

თამრიკოს სახე იმდროინდელი საბჭოთა მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის გამო ფილმის მხოლოდ 15 ეგზემპლარი გაკეთდა, 15 საბჭოთა რესპუბლიკაში უნდა ეჩვენებათ. საქართველოსთვის კი რამდენიმე ეგზემპლარი გაკეთდა. ჩაფიქრებული იყო, რომ ამ ქვეყნებში მხოლოდ ერთხელ ეჩვენებინათ. აი, ასეთი ბედი ჰქონდა ჩემს ნამუშევარს.

ედუარდ შევარდნაძის შიშები

– ჩემი ნამუშევარი იყო პირველი ფილმი, რომელმაც დაგვანახა, რომ საბჭოთა კავშირში რაღაც ისე არ იყო. შემდეგ ამას მოჰყვა ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები”, რომელიც სისტემის მოსალოდნელ დანგრევას უსვამდა ხაზს. მერე იყო თენგიზ აბულაძის “მონანიება” და კიდევ სხვა ფილმები. “ცხელი ზაფხულის სამი დღის” პირველი ჩვენების შემდეგ თენგიზ აბულაძემ მითხრა, მერაბ, იცოდე, ახალი ეტაპი იწყებაო.

კარგა ხანი “ცხელი ზაფხულის სამი დღე” იბლოკებოდა. გავიდა რამდენიმე თვე და ეკრანზე არ უშვებდნენ. ამიტომაც კინოკომიტეტში წავედი მიზეზის გასაგებად. კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი დვალიშვილი იყო, რომელსაც ყველაფერი კარგად ესმოდა და მიგებდა. იცოდა, რა მიზეზითაც ბლოკავდნენ ფილმს, მაგრამ ვერც თვითონ და ვერც რეზო ჩხეიძე ამას ვერ მეუბნებოდნენ. მათ მითხრეს, მთავრობის მაღალი რანგის პირებს უნდა შეხვდე, სხვა გამოსავალი არ არსებობსო.

მაშინ ედუარდ შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. სანამ მას შევხვდებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობართან, სოლიკო ხაბეიშვილთან, წავედი. ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და თან დავაყოლე, ეს საკითხი შევარდნაძესთან არის გასარკვევი-მეთქი. მითხრა, მე ფილმი არ მაქვს ნანახი და ვერაფერს გეტყვიო, მაგრამ მივხვდი, რომ ნანახი ჰქონდა. თვალებზე შევატყვე, რომ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. წლების შემდეგ კი ბევრჯერ მითხრა, რომ “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ძალიან მოსწონდა.

სოლიკომ მოახერხა და ბატონ ედუარდს შემახვედრა. თავად შევარდნაძესაც ნანახი ჰქონდა ფილმი და სხვა თანამდებობის პირებსაც, ამიტომაც შეაჩერეს.

ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი და მისმა გადაწყვეტილებამ როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი როლიც შეასრულა. მან მითხრა:

– შენ უნდა გადაგეღო ფილმი. მოსკოვი ამის საშუალებას არ გაძლევდა. ვინ დაგეხმარა?

– თქვენ დამეხმარეთ, – ვუპასუხე მე იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დამეხმარა. გადარეკა-გადმორეკა და ყველას აუხსნა, რომ ეს ფილმი უნდა გადაღებულიყო.

საერთოდ, ბატონი ედუარდი წინასწარ კარგად გრძნობდა იმ ატმოსფეროს, რომელიც იქმნებოდა. ისიც კარგად იცოდა, მისთვის რა შეიძლებოდა და რა – არა. გრძნობდა, რომ ფილმს ასე ვერ გაუშვებდა და სხვა გზა უნდა მოენახა.

– ფილმს გავუშვებთ ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ იმიტომ, რომ შენ ჩვენ გარეშე ვერ გადაიღე. ახლა უფლება გვაქვს, ისე გავუშვათ, როგორც გვსურს, – ეს რომ მითხრა ბატონმა ედუარდმა, გული გადამიქანდა.

– ანუ კადრებს ამოჭრით? – შევეკითხე.

– არაფერს ამოვჭრით. უბრალოდ ჩვენთვის სასურველ დროს გავუშვებთ, – მითხრა მან.

ამან უფრო მეტად შემაწუხა, ვიფიქრე, რომ წლების განმავლობაში გაიწელებოდა ეს პროცესი.

– ეროვნული საკითხი, რომელიც შენს ფილმშია წამოწეული, ერთ-ერთი ურთულესი და უმთავრესია. ამიტომ ვალდებული ვარ, ფრთხილი ვიყო. ისე, ამ ფილმს აუცილებლად გავუშვებთ.

ამ სიტყვებზე მადლობა გადავუხადე და კარისკენ წავედი. ამ დროს მომიტრიალდა და მითხრა:

– ფილმი ბევრ ასოციაციას იწვევს.

– რა ასოციაციას? – გულუბრყვილოდ ვკითხე, არადა კარგად ვიცოდი, რასაც გულისხმობდა.

– მაგალითად, შენი გმირი გოგონა ბევრ ასოციაციას იწვევს. თუ რას, ამაზე შენ თვითონ დაფიქრდი.

– თუ ასოციაციები ჩნდება, მე ბედნიერი ვარ, ე.ი. ტყუილად არ გადამიღია, – ვუპასუხე.

მისგან რომ წამოვედი, რეზო ჩხეიძე და აკაკი ბაქრაძე ვნახე. რეზომ მითხრა, ეს რომ თქვი, ტანში დამბურძგლა, მივხვდი, ამ “ასოციაციებში” ჩემი თამრიკო იგულისხმაო (ბატონი რეზოს ქალიშვილი, თამრიკო ჩხეიძე, 70-იან წლებში დისიდენტობის ბრალდებით დააპატიმრეს). მე ეს ამბები ვიცოდი, მაგრამ ჩემი გმირისთვის ეს სახელი სპეციალურად არ შემირჩევია. უბრალოდ, ასე დაემთხვა, რომ ჩემი პერსონაჟი სწორედ თამრიკო ჩხეიძეს და მის ამბავს ჰგავდა. გამიზნულად თამრიკო ჩხეიძისთვის არ მიმიმსგავსებია.

უცნაური ჩვენება

– რამდენიმე თვის შემდეგ შემატყობინეს, ორშაბათიდან კინოთეატრში იქნება ნაჩვენებიო. მე და ჩემი მეუღლე მეორე დღეს კინოში დილის სეანსზე წავედით. ბილეთი რომ ავიღე, მითხრეს, ფული უნდა დაამატოთ, რადგან ორი სერიის ჩვენება ხდებაო. ძალიან გამიკვირდა, მოლარე რომელ ორ სერიაზე საუბრობდა, მაგრამ ფული მაინც გადავიხადე.

თავიდან 50-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვეს “ქართული არქეოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ”. ის რომ დამთავრდა, “ცხელი ზაფხულის სამი დღე” გაუშვეს, რომელსაც წინ უძღოდა წარწერა: “ის, რასაც ახლა ნახავთ, დღეს არ ხდება!”. წარწერა არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამდი. იმაზეც მადლობელი ვიყავი, რომ ფილმიდან ერთი კადრიც არ ამოჭრეს.

დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ ფილმს მაინც უჩვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასლი ძალიან დაძველებულია. დღეს ბევრი კინომცოდნე თუ კინომოყვარული მეუბნება, ეს ფილმი არაჩვეულებრივი ნამუშევარია და თავის დროზე შესაბამისი შეფასება არ მივეცით, როგორ მოხდა, რომ ამ ფილმმა ასე უკვალოდ ჩაიარაო. რას ვიზამთ, კიდევ კარგი, რომ საერთოდაც არ დაიბლოკა.

დღეს მოდის დრო, როცა მის მიმართ ინტერესი ხელახლა იღვიძებს. როგორც ჩანს, ფილმში რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია ჩადებული, რომელიც საზოგადოებისთვის საჭიროა.

მთავარი გმირები

– ჩავთვალე, რომ ფსიქოლოგიურად ასე დატვირთულ როლს კახი კავსაძე კარგად შეასრულებდა. მანამდე მას უფრო კომიკური, ლაღი, პლასტიკურად საინტერესო როლები ჰქონდა. ჩემს ფილმში კი სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნა, რაც შიგნით ჰქონდა. თავიდან, სცენარი რომ ნახა, კახიმ ყველანი მიწასთან გაგვასწორა. ამ როლს ვერ შევასრულებ, გამიჭირდებაო. მერე ისე ჩაერთო, რომ ჩვენც გვიკვირდა. კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძემ კახიზე ბიოგრაფიული წიგნი დაწერა. აღნიშნა, რომ სულხანის როლი მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ფსიქოლოგია და დრამა კახიმ არაჩვეულებრივად გაითავისა.

რაც შეეხება ნინელის, ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და მისთვის ეს მესამე კინოროლი გახლდათ. თამრიკოს პერსონაჟი საკმაოდ რთული იყო და თავი კარგად გაართვა. გარდა იმისა, რომ ის ნიჭიერი მსახიობია, მიხეილ თუმანიშვილის შესანიშნავი სკოლა აქვს გამოვლილი. ზუსტად მუშაობდა და ყველაფერი ზუსტად ჰქონდა აწყობილი.

ერთ დღეს გადასაღებ მოედანზე ავტობუსით მივდიოდით. ნინელიმ ფურცლები ამოიღო, რომლებზეც უჯრები, სამკუთხედები და რაღაც დიაგრამები ეხატა. გავიკვირვე და ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. მიპასუხა, ჩემი როლიაო. მას ზუსტად ჰქონდა გაანგარიშებული, სად როგორი ემოცია უნდა გამოეხატა. როდესაც მსახიობი ასეთი მობილიზებულია და ასე მთელი სულითა და გულით თამაშობს, რეჟისორისთვის სასიხარულოა.

იმ ეპიზოდზე, სადაც თამრიკო ყველას ლანძღავს, წინასწარ ცოტათი ვნერვიულობდი, თუ როგორი გამოვიდოდა ეს სცენა, რადგან გმირს უნდა ეტირა და თან გამწარებულს ეყვირა. ხომ იცით, რეჟისორებს ჩვენ-ჩვენი ხერხები გვაქვს იმისთვის, რომ მოცემულ მომენტში მსახიობის საჭირო რეაქცია გამოვიწვიოთ. ნინელიმ რომ შემატყო, მის მომზადებას ვაპირებდი, მითხრა, არ გინდაო. ჩემი მითითების გარეშე მიხვდა, რა ემოციები უნდა გამოეხატა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა.

რამაზ ჩხიკვაძეს რაც შეეხება, მას ყველაფერი ისე მიჰყავდა, თითქოს ეს უწყვეტი იმპროვიზაცია იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი გადაღება რომ დასრულდა და ყველა წავიდა, მე პავილიონში დავრჩი. დეკორაციებს ვამოწმებდი მომდევნო დღისთვის. უცებ რვეული ვიპოვე, რომელიც თურმე რამაზს ეკუთვნოდა. იქ მისივე ხელით მთელი თავისი როლი იყო ამოწერილი. ისე მოწესრიგებულად ეწერა ყველაფერი თავისი აღნიშვნებით, გავოცდი!

მივხვდი, რომ რამაზს მთელი იმპროვიზაცია, რასაც ფილმში მიმართავდა, წინასწარ ჰქონდა გააზრებული. ოღონდ, როცა ყველაფერი შესწავლილი ჰქონდა, მერე თავისუფლდებოდა და მაშინ იწყებოდა ის ბედნიერება, რაც მსახიობისთვის აუცილებელია. მეორე დღეს რამაზს თავისი რვეული გადავეცი და მან ისე გამომართვა, ვითომც აქ არაფერიო.

ჩემი პირველი ფილმი არის ,,კარდაკარ” და იქიდან მოყოლებული ყველა ნამუშევარში ჩემს სატკივარზე მივუთითებდი – ეს არის პიროვნების თავისუფლება. “ცხელი ზაფხულის სამი დღეც” ამის მაგალითია. სულხანისა და თამრიკოს პიროვნებები შეზღუდულები არიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრაზა, რომელსაც ნინელი ჭანკვეტაძის გმირი ამბობს: “ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!”. ეს ფრაზა ჩემი, დავით ჯავახიშვილისა და ერლომ ახვლედიანის მიერ მოფიქრებული და კარგად გააზრებული იყო.

სრულად წაკითხვა