მერიამ არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კახა კალაძეს ბანერები კანონის დარღვევით გაკრული თავის შტაბში

4 days ago 1

ირაკლი აბესაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფეისბუკზე ეხმაურება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე. ეს გამოძიება შსს-მ 9 დეკემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ხელისუფლების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ბანერებზე წარწერების დატოვებით და კალაძის გამოსახულებაზე იოგურტის შესხმით გამოხატეს.

აბესაძე წერს, რომ კალაძეს ბანერები ამ შენობაზე კანონის დარღვევით აქვს განთავსებული და ამ ამბით დაინტერესებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც ამგვარ სამართალდარღვევაზე ჯარიმის გამოწერა და უკანონოდ განთავსებული ბანერების დემონტაჟი შეუძლია.

"მსგავსი ბანერის (კონსტრუქციის) განთავსება შენობა-ნაგებობაზე I კლასის მშენებლობას წარმოადგენს და შესაბამისი პროცედურით უნდა შეთანხმდეს კალაძის უწყებისვე არქიტექტურის სამსახურთან.

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16,000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით", - განმარტავს აბესაძე.

აქვს თუ არა კალაძეს სასტუმრო საქართველოს პირველი სართულის ფასადზე თავისი და "ქართული ოცნების" საარჩევნო გამოსახულებების დატანის ნებართვა არქიტექტურის სამსახურისგან? - ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში არ უპასუხეს. მერიისგან ვერ გავიგეთ ვერც ის, დაინტერესებულია თუ არა მუნიციპალური ინსპექცია ამ საკითხის შესწავლით.

სრულად წაკითხვა