19
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” დააჯარიმა – როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო დოკუმენტიდან ირკვევა, მიზეზია ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე 7 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიას 1583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 10 აგვისტოს წერილიდან ირკვევა, რომ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები. კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 07 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა,”- ნათქვამია საჯარიმო ინფორმაციაში.
ანალოგიური დარღვევისთვის კომპანიას ჯარიმა 30 და 24 ივლისსაც დაეკისრა.
კომპანია “სმარტ სოლუშენსი” რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში; 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.
გარდა “სმარტ სოლუშენისა” რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს “თბილისი ენერჯის” კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გარდა ამისა, 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროექტს 7.8 მილიონ ლარს ამატებს, რაც ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ცალკე გამოცხადებულ ორ ტენდერს მოიცავს. აღნიშნულ ტენდერებში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 17 აგვისტომდე შეეძლებათ. (ბიემჯი)
საერთაშიროსო alia.ge