გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება:
“ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასის ტერორისგან. მძევლების გათავისუფლება და ამბიციური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. ჰამასის განიარაღება არის იმპერატივი. ჰამასს არ უნდა მიეცეს უფლება, რამე როლი ითამაშოს ღაზის მომავალში.
გერმანიის მთავრობის აზრით, ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში ახალი სამხედრო იერიში, რომელიც გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ შეთანხმდა, სულ უფრო ბუნდოვანს ხდის, როგორ მიიღწევა ეს მიზნები. შექმნილ ვითარებაში, გერმანიის მთავრობა, შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე, არ დაუშვებს სამხედრო ტექნიკის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ღაზის სექტორში".
გერმანიის კანცლერი შეშფოთებას გამოხატავს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო და ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, დაუშვას ჰუმანიტარულ დახმარებაზე საყოველთაო წვდომა:
"გერმანიის მთავრობა კვლავაც ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის გამო. დაგეგმილი შეტევით, ისრაელის მთავრობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს, ვიდრე აქამდე ეკისრებოდა მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფაზე. მან უნდა დაუშვას საყოველთაო წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მათ შორის გაეროს ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.
ბოლო დღეებში გადადგმული სწორი ნაბიჯების კვალობაზე, ისრაელმა უნდა განაგრძოს ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესება ყოვლისმომცველად და მდგრადად. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა სასწრაფოდ მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, თავი შეიკავოს დასავლეთ ნაპირის ანექსიისკენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმისგან".
8 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ყოფნისას კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანაგრძნობა ამავე დღეს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული ექვსი ადამიანის ოჯახებს და განაცხადა:
"ის, რომ ჩვენ გავანადგურეთ ის ორი ტერორისტი, არასაკმარისია. ის, რომ მივაკვლევთ მათ მხარდამჭერებსა და თანამზრახველებს, ასევე არასაკმარისია.
ჩემი დირექტივაა, გადამჭრელად განადგურდეს ტერორიზმის ყველა ბუდე. უკვე გავანადგურეთ ტერორიზმის ბუდეები ლტოლვილთა სამ ბანაკში. ჩვენ უბრალოდ მოვახდინეთ იქიდან მოსახლეობის ევაკუაცია და მიწასთან გავასწორეთ ტერორისტული ინფრასტრუქტურა - ჩემი დირექტივაა, იმავეს გაკეთება ტერორისტების სხვა ბუდეებში".
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაში მაღალი შენობების ნგრევით დანაპირებს ასრულებს და რომ ეს ყველაფერი "მხოლოდ დასაწყისია":
"მე ვიმყოფები საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში. რამდენიმე დღის წინ დაგპირდით, რომ დავანგრევდით ტერორისტების მრავალსართულიან შენობებს, სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ბოლო ორ დღეში 50 ასეთი მაღალი შენობა დაინგრა. საჰაერო ძალებმა დაანგრიეს ისინი.
ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალია, მხოლოდ დასაწყისია მთავარი ინტენსიური ოპერაციის - ქალაქ ღაზაში ჩვენი ძალების სახმელეთო შეჭრის, რომლებიც ახლა ორგანიზდებიან და გროვდებიან.
ამიტომაც, ვიყენებ შესაძლებლობას, რომ ღაზის მცხოვრებლებს ვუთხრა: ყურადღებით მომისმინეთ, თქვენ გაფრთხილებული ხართ; წადით მაქედან!"
"ალ ჯაზირას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, ღაზაში მრავალსართულიან შენობებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, 52 ადამიანი დაიღუპა.