ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ საქართველოში მცხოვრებ, რუსეთის მოქალაქეს, დენის კულანინს საქართველოდან აძევებენ.
ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა და ციხის დატოვების შემდეგ საიმიგრაციო პოლიციამ მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრში გადაიყვანა. გაძევების პროცედურა დაწყებულია.
რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მას „მესამე ქვეყნის არჩევაც შეუძლია“. იმისთვის, რომ მან სასურველი ქვეყანა აირჩიოს, გადაწყვეტილება 48 საათში თავად უნდა მიიღოს.
ადვოკატი ამბობს, რომ კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში საფრთხეს ემუქრება, ის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ომს უკრაინაში, მთავრობის პოლიტიკას და მხარს უჭერდა უკრაინას. სასჯელის თანახმად, მას ციხე 2027 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა.
„გათავისუფლების შემდეგ, უსაფრთხო ქვეყნის მოძებნას და საქართველოს დატოვებას გეგმავდა“, - ამბობს ადვოკატი.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ კულანინს ქვეყნიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე აძევებენ.
ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“;
დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით. მიესაჯა 2-წლიანი პატიმრობა. მან ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 ადამიანი შეიწყალა.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის პროევროპული და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე მსჯავრდებული დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე.
radiotavisupleba ახალი ამბები