მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდეთ – რა თქვა MMA-ის მებრძოლმა ახალ მოძრაობაზე

1 hour ago 1

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი სახალხო მოძრაობას აფუძნებს, მისივე მტკიცებით, ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად.

ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გამართა, თუმცა თქვა, რომ მოძრაობა საჯარო რეესტრში ჯერ არ დარეგისტრირებულა და არ დააზუსტა, რა ფორმა ექნება მას, მაგალითად, იქნება ეს შპს, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა – „არ დავრეგისტრირებულვართ, მაგრამ როცა დავრეგისტრირდებით, გაიგებთ“.

მან არ ისაუბრა არც პოტენციურ წევრებზე, ჟურნალისტებს არც ბრიფინგზე მყოფი თანამოაზრეები წარუდგინა და არც ყველა კითხვას გასცა პასუხი.

MMA-ის მებრძოლი აცხადებს, რომ მოძრაობა „ბრძოლას იწყებს“ „უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანების და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“.

„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ თუკი ჩვენ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

ქართველიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, აცნობიერებს თუ არა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, რასთან დაკავშირებითაც მან თქვა –  „ჩემი ქვეყნისთვის ციხეში კი არა, [მზად ვარ] თავიც კი გავწირო, პირდაპირი მნიშვნელობით“.

რაც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც ჟურნალისტებმა ამოიცნეს კობა ტყეშელაშვილი, გიორგი ქართველიშვილი პასუხობს:

„კობა ტყეშელაშვილს რაც შეეხება, ჩემი მწვრთნელია და ბავშვობიდან ამ ადამიანთან აღვიზარდე და არაერთი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი… [ტვ პირველის ჟურნალისტი: ცემის კადრები] გასაგებია, მას სხვა პოზიცია აქვს შეიძლება, თქვენ რომ მუშაობთ სადღაც, თქვენს დირექტორს და თქვენ ერთნაირი პოზიცია გაქვთ? …. ჩვენ არ გვაქვს. ეტყობა, თქვენ გავლენის ქვეშ ხართ… ჩვენ არ გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. მაწებებდნენ იმას, რომ კორცხელის ინციდენტი, კორცხელის ინციდენტში 16 წლის ვიყავი მე, ბავშვი ვიყავი, არანაირი შემხებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. რაც შეეხება ისანს და სამგორს. ისან-სამგორში მე ვცხოვრობ, ბავშვობიდან იქ ვმოღვაწეობ და შეიძლება ვიღაცამ კადრში რაღაც ფოტო გადაიღო, რას ჰქვია ოდეერად მუშაობდი, მე ცხოვრებაში არსად მიმუშავია, ვემსახურები ჩემს ქვეყანას სპორტით“.

ამავე ბრიფინგზე ქართველიშვილმა ისაუბრა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე, რომელზეც თავდამსხმელის მეგობარიცაა. მისი აზრით, არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილმა, არამედ მათ, ვინც კონკრეტულ კადრებში „სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ,  ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ“.

ასევე, მისი აზრით, ამ ადამიანების „სინანულის საუკეთესო დასტური იქნება“, თუ პროკურატურას მიმართავენ, რომ უწყებამ ნიკო ხურცილავას [ძალადობაში ბრალდებულს] პატიმრობა არ მოითხოვოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოება რეაქციას დაინახავს, შემდეგ კი ვერ ახერხებს გაიაზროს, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებ, შევეცდებით ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ. თუმცა, თუკი შესაბამისი გარემო პირობები და სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება“, – ამბობს ქართველიშვილი.

სრულად წაკითხვა