„მზად ვართ, ციხეშიც წავიდეთ“ - კანონიერია თუ უკანონო „მყისიერი რეაგირების“ დაჯგუფება?

1 hour ago 3

მის გვერდით მსხდომებმა, კითხვის მიუხედავად, ვინაობა არ თქვეს. „ყველაფერს გაიგებთ, დაელოდეთ“, - ეს იყო პასუხი თითქმის ყველა იმ კითხვაზე, რაც პრესკონფერენციაზე ნათქვამის დასაზუსტებლად დაისვა.

ამ პრესკონფერენციას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ: „იქმნება ახალი მოძრაობა, რომელსაც მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.

კამერების წინ გიორგი ქართველიშვილმა ტყავის საქაღალდე გადაშალა და ფურცელზე დაწერილის კითხვა დაიწყო. ვრცელ განცხადებაში ეწერა, რომ:

  • „ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია... პერიოდულად, კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდებიან“;
  • „ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია“;
  • „კამპანიების ავტორები - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან“;

გიორგი ქართველიშვილის თქმით, ამ მიზეზების გამო გადაწყდა ჩამოაყალიბდეს ჯგუფი, რომელიც ქართულ ღირებულებებს და ტრადიციებს დაიცავს; ეს იქნება „სახალხო მოძრაობა“, რომელიც სპორტსმენის მტკიცებით, „გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას“.

„ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, - აცხადებს ის.

კითხვების მიუხედავად, გიორგი ქართველიშვილს არ განუმარტავს: რას მიიჩნევენ შეურაცხყოფად, რა იგულისხმება მყისიერ რეაგირებაში, გამორიცხავენ თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებას ან თვითნებურ დასჯას და რას ნიშნავს მზაობა „ციხეში წასვლისთვის“.

ჟურნალისტი: წინასწარ აანონსებთ, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოთ?

ქართველიშვილი: მზად ვარ, ციხეში კი არ წავიდე, ჩემი სიცოცხლე შევწირო ჩემს ქვეყანას, ამისთვის ვარ მზად.

პოლიციას არ ენდობით? - იკითხეს დარბაზიდან

„….პოლიციას არ ენდობითო? რა შუაში ვართ პოლიციასთან. მოახდინონ რეაგირება, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ...“, - თქვა ქართველიშვილმა.

ამ შეხვედრაზე არ უთქვამთ, რა სტატუსით დარეგისტრირდება „საინიციატივო ჯგუფი“,ან თუ დარეგისტრირდება საერთოდ საჯარო რეესტრში....

„გაიგებთ ძალიან მალე“, - თქვა ქართველიშვილმა.

რა ვიცით მოძრაობის წევრებზე?

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მოძრაობის არც ერთ წევრს არ უთქვამს ვინაობა, არ გაუკეთებია კომენტარი, არ უპასუხია მედიის კითხვებისთვის

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მოძრაობის არც ერთ წევრს არ უთქვამს ვინაობა, არ გაუკეთებია კომენტარი, არ უპასუხია მედიის კითხვებისთვის

ბევრი არაფერი. გიორგი ქართველიშვილი MMA-ის მებრძოლი და „ქართული საბრძოლო ლიგის“ პრეზიდენტია. არის მწვრთნელი, ჰყავს მოსწავლეები. სოციალურ ქსელში აზიარებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გადაღებულ ფოტოებს. მისი ცოლი ტელეკომპანია „მთავარის“ ყოფილი და რ2-ის მოქმედი ჟურნალისტია.

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

„ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მათ შორის შალვა პაპუაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან აქვს გადაღებული ფოტოები ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობასა და სპორტულ ღონისძიებებზე პრესკონფერენციის კიდევ ერთ მონაწილეს. ის ჟურნალიტებთან შეხვედრაზე მივიდა, მაგრამ არ გაეცნო და არც მათ კითხვებს უპასუხა.

სულხან თამაზაშვილის გვერდით „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრია

სულხან თამაზაშვილის გვერდით „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრია

მიხეილ ყაველაშვილის გვერდით „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრია

მიხეილ ყაველაშვილის გვერდით „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრია

კახა კალაძისა და მიხეილ ყაველაშვილის უკან „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დარბის

კახა კალაძისა და მიხეილ ყაველაშვილის უკან „სიწმინდეების შეურაცხყოფისგან დაცვის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დარბის

სხვა წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ ეტაპისთვის ვერ შევძელით.

ამ მოძრაობის შექმნას წინ უსწრებდა თავდასხმა იუმორისტს, სთენდაფერსა და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე. ის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ნოდარ დუმბაძეზე იხუმრა. კომიკოსი პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ნიკოლოზ ხურცილავა პოლიციაში გამოცხადდა და თქვა, რომ ოქრიაშვილს იმიტომ დაესხა თავს, რომ მან ეროვნული ფასულობები და კულტურა შეურაცხყო - ეს მიზეზები გიორგი ქართველიშვილმა დღეს, 27 ივლისს მოძრაობის დაარსების არგუმენტად გამოიყენა.

გიორგი ქართველიშვილი ნიკოლოზ ხურცილავას მეგობარია. ამის შესახებ თავად განაცხადა. ძალადობისთვის დაკავებული ახლა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ ნიკოლოზ ხურცილავას ეზოში მეგობრები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ გიორგი ქართველიშვილიც, „ქართულ ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მირზა ჩხაიძე, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და გია გაჩეჩილაძე („უცნობი“).

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მიმდინარეობს გამოძიება.

„ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ [ონისე ოქრიაშვილს და მის გვერდით მსხდომებს გულისხმობს -რ.თ.] ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება თუ დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ ნიკო ხურცილავას საქციელზე პროკურატურამ პატიმრობა არ მოითხოვონ...“, - თქვა ქართველიშვილმა.

ონისე ოქრიაშვილთან ერთად „ფანჩლაინთერაპია“ [იუთუბგადაცემა] მიჰყავთ კახა ბენდუქიძის ქალიშვილს, ანასტასია ბენდუქიძეს და სტენდაპერ, ირაკლი ჯაბუას.

ოქრიაშვილს სცემეს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს.. თავდასხმას წინ უსწრებდა პროსახელისუფლებო ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა". მან ასეთი რამ ღქვა: „ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.

ამ ისტორიას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ნოდარ თოფურიძეც გამოეხმაურა.

„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მეორე შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა კი, რომელიც ნიკოლოზ ხურცილავას სასამართლოში ეზოდან გულშემატკივრობდა მედიასთან განაცხადა:

„ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი და მწერალი რომ ჰგონიათ. კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას და დღეს ბედნიერი ვარ“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის გამო ესხმიან თავს.

რის საფრთხეებს ხედავენ იურისტები?

„რისკები ცალსახაა. თვითონ პროფილი იმ ადამიანების, რომლებიც აპირებენ ამ ჯგუფში გაერთიანებას არის ძალადობრივი და ადვილი ამოსაკითხია სტრიქონებს შორის, რომ ამას ხელისუფლება გამოიყენებს მისთვის მიუღებელ ადამიანებთან გასასწორებლად...

ჯერ იწყება საინფორმაციო შეტევა პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით, შემდეგ ამას მოჰყვება გულანთებული ვითომდა ადამიანების მიერ ფიზიკური ძალადობა, რომლის ნათქვამი სიტყვებიც კი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს“, - ამბობს იურისტი, საბა ბრაჭველი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ ქართველი მოსამართლე 2008-2018 წლებში, ნონა წოწორია მიიჩნევს, რომ დაანონსებული მოძრაობა კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და დანაშაულის ნიშნების შემცველია.

„სულ მცირე სამართალდამცავი ორგანოები ახლა გამოძიებას უნდა იწყებდნენ... ცხადია, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და ამას არცერთ შემთხვევაში, გვერდი არ უნდა ავუაროთ, მაგრამ როგორც მინიმუმ, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციით და მისი შექმნის იდეით.

თუმცა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ნუ ქვეყანაში რეალურად ყველაფერი მოშლილია და ეს არის ასევე გაცხადება პოლიციისთვის, რომ ისინი იმ ფუნქციას ვერ ასრულებენ და არ ასრულებენ, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული, იმიტომ რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა თუ ასე შემდეგ პირველ რიგში პოლიციის ფუნქციაა“, - აცხადებს ნონა წოწორია.

იურისტების აზრით, შსს-ს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებიდან რომელიმეთი დაიწყოს:

  • 223-ე მუხლი - უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება.
  • 252-ე მუხლი - ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა.
  • 225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მონაწილეობა
  • 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა

რადიო თავისუფლებამ შსს-ში იკითხა, თუ დაიწყეს ახლადაანონსებული მოძრაობის მიზნებისა და საქმიანობის შესწავლა და მოახდენენ თუ არა რეაგირებას გაერთიანების მზაობაზე „წავიდნენ ციხეში“. პასუხი არ მიგვიღია.

განსხვავებული შეფასება აქვს „ღია საზოგადოების ფონდის" პროგრამების ყოფილ ხელმძღვანელს საბა ბრაჭველს. მისი შეფასებით, პრესკონფერენციისას წაკითხული იმდენად ფრთხილად იყო ფორმულირებული, რომ შეუძლებელია ცალსახად ითქვას, არსებობს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 225-ე ან 226-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

„დღევანდელი ბრიფინგიდან ორი რამის თქმა შეიძლება. ეს ადამიანები მაქსიმალურად ერიდებოდნენ, რომ დაკავშირებული გამოჩენილიყვნენ ქართულ ოცნებასთან და პოლიციასთან და მეორე, წამოსაძახებელი რომ არ ჰქონოდა ვინმეს, ძალოვანი სტუქტურებისთვის, რატომ არ მიდის გამოძიება, რადგან ეს არის არაფორმალური დაჯგუფება და შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, საუბრობდნენ დავარცხნილად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოჩენილიყო“, - ამბობს ბრაჭველი და ამატებს, რომ საბოლოოდ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული რას გააკეთებს ეს ჯგუფი.

„ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვის“ სახელით მოქმედი ჯგუფები

„ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვის“ არგუმენტით სხვადასხვა დაჯგუფებები თუ პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაერთიანებები საქართველოში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს არაერთხელ გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა 2023 წლის ივნისში მოხდა. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, გორში თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა თქვა, რომ ჯაფარიძეს „ბავშვების გარყვნისა“ და „ეკლესიის შეურაცხყოფის“ გამო დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერმა ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს იყო „პასუხი პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის“.

მსგავსი კამპანიის სამიზნე გახდა ფილოლოგი და ყოფილი პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილიც. 2023 წელს ყვარელში მისი საჯარო ლექცია ჩაშალეს. ქალაქის შესასვლელში მის ავტომობილს გზა „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა და სხვა რადიკალურად განწყობმა გადაუკეტეს. ისინი ბერძენიშვილს „საქართველოსა და ქრისტიანობის მტერს“ ეძახდნენ და ქალაქში შესვლის საშუალება არ მისცეს. იმავე პერიოდში ბერძენიშვილს თბილისში კვერცხებიც ესროლეს. თავდამსხმელები ამტკიცებდნენ, რომ ის „ერეკლე მეორესა“ და „ქრისტიანულ ღირებულებებს“ შეურაცხყოფდა. თავად „ალტ-ინფომ“ საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა ყვარელში ლექციის ჩაშლაზე.

მასშტაბური ძალადობა 2021 წლის 5 ივლისს მოხდა, „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინ. ათასობით კონტრაქციის მონაწილე, რომელთა შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები, ქუჩაში გამოვიდნენ „ოჯახის სიწმინდის“, „ტრადიციული ღირებულებების“ და „ეკლესიის დაცვის“ ლოზუნგებით. მათ დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი, თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტებსა და 50-ზე მეტ ჟურნალისტს, გაანადგურეს ტექნიკა და სცემეს მედიის წარმომადგენლები. უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ძალადობა წინასწარ ორგანიზებული იყო, თუმცა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე დავის საგანი.

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ იმ რისკების სწორად შესაფასებლად, რომელსაც „მსგავსი არაფორმალური დაჯგუფებები მოიტანს“ უპირველესად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტი უნდა შეფასდეს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყენებდა მსგავსს ჯგუფებს ოპონენტებზე ძალადობისთვის, თუმცა საჯაროდ ძალადობას ემიჯნებოდა კიდეც.

„ნელ-ნელა „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება და საერთოდ მისმა პროპაგანდამ ძალადობის აღქმასთან მიმართებით იცვალა სახე... ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების სახეები მედიასივრცეში არსებულ მთელ ძალისხმევას, რომელიც ძალადობის ნორმალიზებისკენაა მიმართული, აღარ ემიჯნება ძალადობას ცდილობს მის ახსნას და დასაბუთებას...“, - ამბობს ის.

„არასდროს რინგის გარეთ.... მე თუ ოქტაგონის გარეთ, ოდესმე ვინმესთან დაპირისპირება კონფლიქტი მქონია, ძალა მიხმარია ვინმეზე, მე საზოგადოების წინაშე ბოდიშს მოვიხდი“, - უპასუხა გიორგი ქართველიშვილმა ჟურნალისტის კითხვას წავა თუ არა ძალადობაზე მისი შექმნილი ჯგუფი.

მოძრაობა ოფიციალურად ჯერ არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გიორგი ქართველიშვილის თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა ფორმით მოითხოვენ რეგისტრაციას.

ვახუშტი მენაბდეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობის გაცხადებული მიზნები კონფლიქტშია კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებთან, იუსტიციის სამინისტრო მათ რეგისტრაციას არ გაურთულებს, რადგან „ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვთ, რაც პოლიტიკური განცხადებებიდანაც გამოჩნდა“.

მოძრაობის დაფუძნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ მისი მიზნები და შესაძლო შედეგები განსხვავებულად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ წევრები იწონებენ ინიციატივის არსს, თუმცა „კანონის ფარგლებში მოქმედების“ საჭიროებაზე სვამენ აქცენტებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფორმალური დაჯგუფების შექმნა არათუ წაახალისა, თავადაა ორგანიზატორი.

პოლიტიკური შეფასებები

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილს უფლება აქვს, რეაგირება ჰქონდეს რელიგიის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფაზე, თუმცა, მისი თქმით, ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ უნდა გადაიზარდოს.

ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

„ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს ფორმა... მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“. ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნება... ვიღაც თუ ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება.“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე კი ამბობს, რომ საქართველოში მოქალაქეებს გაერთიანების უფლება აქვთ, თუმცა ნებისმიერი კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.

„კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან ქვეყნის კულტურა, რწმენა, ისტორია... თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით.“

„ჩვეულებრივი ბანდფორმირებაა…რასაც პოლიციას არ გააკეთებინებენ, ამათ უნდა გააკეთონ “- ამბობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ ამ ჯგუფის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, თუმცა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილიც. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში არაფორმალური დაჯგუფებების გამოცდილება მძიმეა და „მყისიერი რეაგირების“ დაანონსება სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ზრდის:

„როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას“, ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას. სამართლებრივ სახელმწიფოში ინსტიტუციები უნდა იცავდნენ ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული და არა არაფორმალური ორგანიზაციები.“

„რელიგიის“ ან „ტრადიციების“ დაცვის მიზნით შექმნილი სამოქალაქო ჯგუფები ყოველთვის ძალადობრივ ორგანიზაციებად არ ყალიბდებიან. თუმცა არაერთ ქვეყანაში არსებობდა შემთხვევები, როდესაც თავდაპირველად კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დეკლარირებული მიზნებით შექმნილი გაერთიანებები მოგვიანებით ოპონენტების დაშინების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ხელისუფლების არაფორმალურ ინსტრუმენტებად იქცნენ.

საერთაშორისო მაგალითები

რუსეთი - ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნაციონალისტურმა მოძრაობამ „Русская община“ (რუსული თემი). ორგანიზაცია საკუთარ თავს „ტრადიციული ღირებულებების“, „რუსული სამყაროს“ და მართლმადიდებლობის დამცველად წარმოაჩენს. თუმცა Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მისი წევრები სხვა ნაციონალისტურ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობდნენ მიგრანტების წინააღმდეგ რეიდებში, პოლიციასთან ერთობლივ ოპერაციებში და არაფორმალურ „პატრულირებაში“.

ბელარუსი - 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ აღწერეს შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, ხელისუფლებისადმი ლოიალური პირები სამართალდამცავებთან ერთად მონაწილეობდნენ დემონსტრანტების დაკავებასა და ცემაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები დამოუკიდებელ მოძრაობებად არ იყვნენ ორგანიზებული, მათი გამოყენება არაფორმალურ ძალადობრივ ინსტრუმენტად არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია აღწერილი. Freedom House-ის შეფასებით, ბელარუსში დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები ფაქტობრივად განადგურდა, ხოლო ხელისუფლება ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობასა და არაფორმალურ ზეწოლას ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს.

ინდოეთი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ე.წ. „ძროხის დაცვის“ (cow vigilantes) ჯგუფები. თავდაპირველად ისინი საკუთარ საქმიანობას ინდუისტური რელიგიური ტრადიციებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ხსნიდნენ. თუმცა Human Rights Watch-ისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ამ ჯგუფების ნაწილი მუსლიმებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებში მონაწილეობდა.

ყევლა ასეთ შემთხვევას საერთო ის აქვს, რომ ხელისუფლების არასაკმარისი რეაგირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდამჭერი რიტორიკა ამ ჯგუფებს დაუსჯელობის განცდას უქმნიდა.

სრულად წაკითხვა