მზარდი მსხვერპლის ფონზე, ზელენსკი აცხადებს, რომ "პასუხებია" საჭირო Patriot-ის სისტემის მიწოდებაზე

1 hour ago 3

კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი დარტყმების ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა თავისი დასავლელი მოკავშირეების მიმართ და მათ მოუწოდა უკრაინას უფრო სწრაფად მიაწოდონ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სხვა სახის იარაღი.

"ჩვენ პასუხები გვჭირდება რუსეთის ამ ტერორზე, რეალური პასუხები მსოფლიოსგან" - ამბობს ზელენსკი 1 აგვისტოს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 1900 დრონი, 1600 ფრთიანი ბომბი და 144 რაკეტა.

"დრონების, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ნაწილების მაწარმოებელი რუსეთის კომპანიების მოზრდილი ნაწილი ჯერაც არ არის სანქციების ქვეშ. ამდენად, აგრესორი ახლა სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს ბალისტიკურ [იარაღში] და წარმოების გაზრდას ცდილობს - წერს ზელენსკი 2 აგვისტოს, სოციალური მედიით გავრცელებულ პოსტში.

"მსოფლიოს აქვს Patriot-ის რაკეტები. ახლა მთავარია ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ - საჭირო მასალების მიწოდების გადაწყვეტილება" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მიმდინარე წელს, უკრაინის 1200 კილომეტრზე გრძელ ფრონტის ხაზზე მცირე წინსვლის, თუ წინსვლის არქონის ფონზე მოსკოვმა სარაკეტო დარტყმები გაახშირა უკრაინის წინააღმდეგ.

1 აგვისტოს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა კიევს, უკრაინის ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაიჭრა კიდევ ათობით პირი.

ზელენსკის თქმით, მოხერხდა მხოლოდ 27 ბალისტიკური რაკეტის გადატაცება - რადგან უკრაინის მფლობელობაში უკვე მყოფ Patriot-ის სისტემებში საკმარისი რაკეტები არ იყო.

მანამდე, 9 ივლისს, ზელენსკიმ თქვა, რომ კიევმა და ვაშინგტონმა სალიცენზიო შეთანხმებას მიაღწიეს PAC-3 Patriot-ის ტიპის გადამტაცების წარმოებაზე და დასძინა, რომ რაკეტების ნაწილებს უკვე რამდენიმე დღეში ჩატანდნენ,

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 31 ივლისს არ დაადასტურა მანამდე გამოთქმული მოსაზრებები - რომ ვაშინგტონი მზადაა კიევს ლიცენზია მისცეს, Patriot-ის რაკეტების იქ წარმოებისთვის.

"ეს საოცარი იარაღია. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა ვიღაცას მისი აშენების უფლებას ვაძლევთ" - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მის ადმინისტრაციას ჯერ ამაზე თანხმობა არ უთქვამს.

"ამაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ასეთი ტექნოლოგიის გაცემა რთულია" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა