სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, კიდევ ერთხელ პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოინახულეს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს უკვე მიეწოდა ადვოკატს“, — აცხადებს სახალხო დამცველი.
ამასთან, ომბუდსმენის აპარატი ეხმაურება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტავს, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ.
„სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის
მონიტორინგის პროცესში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში და ომბუდსმენის მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც დაკავებულთა ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს ხოლმე დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, კომპეტენციის ფარგლებში დამატებით რეაგირებას მოახდენს.
მზია ამაღლობელი მე-20 დღეა, შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.