ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეოთხე საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
"საჩივარში, ასევე, აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების მზარდი მაჩვენებელი და კონტექსტი", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას.
ორგანიზაცია საჩივრაში აცხადებს რომ დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები:
- პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში)
"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ.
- სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (კონვენციის მე-6 მუხლი)
- მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა:
"საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა".
- დასაბუთებელი განაჩენის არარსებობა:
"ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.
- დაცვის უფლების ხელყოფა:
"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს, ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი - სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი (რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთასბრალდების) - გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე), ისე, რომ ამისათვის არცერთ სხდომაზე ცნობილი მხარეებისთვის არ ყოფილა. საჩივარში ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით, მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა - კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ.
- უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა:
"მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს „დანაშაულის ჩამდენი“ და „აგენტი“, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში („აკვარიუმში“) მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით, წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია".
სტრასბურში შეტანილი სხვა საჩვები
ევროპულ სასამართლოში უკვე შეტანილია და, საიას ცნობით, განხილვის ეტაპზეა ორი საჩივარი მზია ამაღლობელის საქმეზე:
- პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას (იგივე „წინასწარ პატიმრობას“) პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო;
- მეორე კი ეხება მის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს
კიდევ ერთი, ანუ მესამე სარჩელი, რომელიც საიამ წარადგინა სტრასბურგის სასასამართლოში შეეხება მზია ამაღლობელისადმის არასათანადო მოპყრობას. 2025 წლის 12 იანვარს, ღამით აჭარის პოლიციის შესასვლელთან მზია ამაღლობელის დაკავებას "პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო", - აცხადებს საია.
მზია ამაღლობელის საქმე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·