4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებიდან კიდევ ორ ადამიანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ექიმი, აკადემიკოსი, 72 წლის გოგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდა. ზაქრო ალბუთაშვილი კი ციხეს დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს.
ორივე მათგანი 3 წლით პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
„დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“, — თქვა სასამართლოდან გამოსულმა გოგი ჩახუნაშვილმა მედიასთან, — „პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, საქართველოდან თუ უცხოეთიდან. ჩემს იქ [ციხეში] ყოფნას ყველა განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ, აუცილებლად მინდა, მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხეში (D3, ჩემი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ვიყავი) ყველას. ბიჭებს მოკითხვას ვუთვლი. ყველა მინდა გავამხნეო, ვინც ციხეშია, ასაკის, სქესის მიუხედავად, ვინ, როდის, რისთვის მოხვდა. ყველას ჩემგან დიდი მოკითხვა.
მინდა, აუცილებლად დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც იშრომეს ძალიან ბევრი, ჩემს დარწმუნებაშიც სხვათა შორის. ჩემს ოჯახს დიდი მადლობა,რომელიც მხარში მედგა თითქმის სამი თვის განმავლობაში. ყველა ძალიან მიყვარხართ, ყველას გეფერებით, გეხუტებით. ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად. მიყვარხართ, გეხუტებით. ახლა შეიძლება აზრები ისე ვერ დავალაგე იმიტომ, რომ არ ველოდებოდი და მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება.“
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 19 ივნისს, განაჩენის გამოცხადების დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პედიატრს ედავებოდნენ 4 ოქტომბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად.
გიორგი ჩახუნაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. ის ამბობდა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციასთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თავად პროკურატურის მიერვე წარმოდგენილ კადრებში ჩანდა, რომ ის ეხმარებოდა რეზიდენციის ეზოში მყოფ ადამიანებს, რომელთაც წიწაკის სპრეი შეასხეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადების კანონით განსაზღვრული საფუძველი ბრალის აღიარებაა.
საპროცესო შეთანხმება დადო ასევე 67 წლის ზაქრო ალბუთაშვილმა, ასევე ბრალის აღიარების სანაცვლოდ. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან 1 წელი რეალური [საპატიმრო] სასჯელია, ხოლო 3 წელი — პირობითი. მასაც იგივე ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაც გოგი ჩახუნაშვილს. ალბუთაშვილი 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პატიმრობაში.
ალბუთაშვილი პროფესიით არის მშენებელი, ყოფილი სამხედრო და ფეხბურთელი. მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს (ონკოლოგიური დიაგნოზი, რის გამოც მარცხენა თირკმელი ამოკვეთილი აქვს). ამასთან დაკავშირებით ის სასამართლო სხდომებზეც საუბრობდა, თუმცა მისი მდგომარეობა, ისევე როგორც სხვა მძიმე დიაგნოზების მქონე მსჯავრდებულებისა 4 ოქტომბრის საქმეებიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
გოგი ჩახუნაშვილის შემთხვევაში, რეალური, საპატიმრო სასჯელი მას 3 თვისა და 2 დღის ვადით განესაზღვრა (აითვალა 19 ივნისს დაკავების დღიდან). ამან გახადა ფორმალურად შესაძლებელი, რომ იგი დარბაზიდანვე გათავისუფლებულიყო.
მთავარ ფოტოზე: გოგი ჩახუნაშვილი შვილებთან ერთად, ზაქრო ალბუთაშვილი.
netgazeti