რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და 4-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელს, პოლიტიკოსის ქალიშვილს, ჟანა ნემცოვას.
ჟანა ნემცოვას დაუსწრებლად ასამართლებენ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულ სასამართლოში.
დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, სასამართლომ საპატიმრო სასჯელი 5 ნოემბერს გამოაცხადა. გარდა ამისა, ჟანა ნემცოვას 8 წლით აეკრძალა ინტერნეტ-საიტების ადმინისტრირება.
ბრალდების მხარე 5-წლიან პატიმრობას და საიტების ადმინისტრირების 9 წლით აკრძალვას ითხოვდა.
პროკურატურა ჟანა ნემცოვას ბრალს სდებს რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში.
- „ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის“ პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ, 2015 წელს გერმანიაში დაფუძნდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდასაჭერად.
2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ფონდი „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2026 წელს ჟანა ნემცოვას ჯერ დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, ხოლო შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ და ძებნილად გამოაცხადეს.
- რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოკლეს მოსკოვის ცენტრში. მამის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში ჟანა ნემცოვამ რუსეთი დატოვა, გერმანიაში გაემგზავრა და იქიდან განაგრძო ჟურნალსიტური და საზოგადოებრივი საქმიანობა.
radiotavisupleba ახალი ამბები