“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რიგით მე-4, ამ ეტაპზე, ბოლო საქმე გაიგზავნა. ამჯერად საჩივარი ეხება მზია ამაღლობელის ძირითად სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებში გამოტანილი განაჩენის გამოც ის უკვე წელიწად-ნახევარია უკანონო პატიმარია.
გარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია), რომელიც ამაღლობელის ინტერესებს მისი დაკავების დღიდან იცავს, ამ საქმეზე იმუშავებს წამყვანი ბრიტანელი იურისტი ედვარდ ფიცჯერალდი.
საინტერესოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე ყველა ინსტანცია ამოწურა ადგილობრივ დონეზე.
ამ საჩივრის ფარგლებში დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს:
- პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში);
“საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ”, – განმარტა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
- სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (კონვენციის მე-6 მუხლი);
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა რამდენიმე ასპექტში გამოიხატა. მათ შორისაა:
-
მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა
“საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა”, – აცხადებენ საია-ში.
-
დასაბუთებელი განაჩენის არარსებობა
“ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს”, – წერია საია-ს განცხადებაში.
-
დაცვის უფლების ხელყოფა
“ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს, ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი – სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი (რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ბრალდების) – გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე), ისე, რომ ამისათვის არცერთ სხდომაზე ცნობილი მხარეებისთვის არ ყოფილა. საჩივარში ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით, მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა – კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
-
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა
“მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს „დანაშაულის ჩამდენი“ და „აგენტი“, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში („აკვარიუმში“) მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით, წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – აცხადებენ საია-ში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·